სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე, 30 იანვარი, 2026 წელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილი და ახალგაზრდა აქტივისტები, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართავენ.

მათი თქმით, ისინი თანხმდებიან კონახიძის „გამოწვევას“ და მზად არიან დებატებისთვის.

სტუდენტები ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ კონკრეტული შეკითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

„ამ განცხადებას ვაკეთებთ ადგილიდან, რომელიც სიმბოლურია 3 მიზეზით - ჩვენ ვართ ზუსტად იმ უნივერსიტეტთან, რომელსაც ანადგურებენ ამ ვითომ განათლების რეფორმით, ვართ უნივერსიტეტთან, რომელშიც წლები სწავლობდა და ასწავლიდა ამ განცხადების ადრესატი, რომელიც დღეს დამცინავად მოიხსენიებს მას და ვართ ზუსტად იმ ეზოში, სადაც ძალიან ბევრი დიდი მოძრაობა დაწყებულა.

ხომ გინდოდათ დებატები და დისკუსია - აქ მყოფი ბევრი ახალგაზრდა მზად ვართ დავსვათ კითხვები, რაზეც ცხადია გვექნება ჩვენი პასუხები და არგუმენტები და შემდეგ - ჩვენ, ჩვენთან ერთად მთელი ქვეყანა მოგისმენთ და გავაკეთებთ ჩვენს დასკვნებს, ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ არხზე, ნებისმიერ დროს და რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური მოძრაობა „სართულის“ თანადამფუძნებელმა ლუკა ხიზაძემ.

22 იანვარს ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა დებატების აუცილებლობის შესახებ:

„ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს. იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - დაწერა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში.

ამასთანავე, თავის პოსტში ის წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული მედიასაშუალებები ხელოვნურად ქმნიან დაპირისპირებას და მედიაში დამკვიდრებულია „ტყუილი, ლანძღვა, გინება, ცილისწამება და ისტერია და რომ ნორმალურ, ჯანსაღ ადამიანს აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს კამათში, რომელიც, საბოლოოდ, შეურაცხყოფით სრულდება“.

29 იანვრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობა, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდება თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.

31 იანვარს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და სტუდენტებმა „ქართული ოცნების“ პარლამენტსა და მთავრობას მიმართეს და მოითხოვეს, შეჩერდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების პროცესი და საკითხის პარლამენტში განხილვამდე გაიმართოს საჯარო განხილვა.

ასევე ნახეთ გივი მიქანაძე ოთხწუთიან ვიდეოში აღწერს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას და მიზანს