თბილისში ნახეს ეკატერინბურგელი მიგრანტის ცხედარი

ალექსანდრ კოროვნიკოვი

თბილისში ნახეს 40 წლის ალექსანდრ კოროვნიკოვის ცხედარი. ეკატერინბურგის მკვიდრი საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ალექსანდრ კოროვნიკოვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კოროვნიკოვის გაუჩინარების შესახებ ცნობები სოციალურ ქსელებსა და მედიაში 1 იანვარს გამოჩნდა. მისი ნაცნობები წერდნენ, რომ ბოლოს კოროვნიკოვი 2025 წლის 30 დეკემბერს ნახეს, რის შემდეგაც მასთან კავშირს ვერ ამყარებდნენ.

კოროვნიკოვის გარდაცვალების შესახებ 30 იანვარს გახდა ცნობილი. Telegram-ის არხი It's My City წერდა, რომ კოროვნიკოვის გარდაცვალების შესახებ მისმა მეგობარმა დაწერა სოციალურ ქსელში.

„დავურეკეთ საშას მამას. საშა მოკლული ნახეს. რუსეთის საელჩო საქართველოში ცხედრის გადასვენების საკითხებს აგვარებს. ესაა საშას მამის მიერ მოწოდებული ინფორმაცია“, - ციტირებს კოროვნიკოვის მეგობარს Telegram-ის არხი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვალების მიზეზებსა და გარემოებებს არ აზუსტებს. საჯაროდ წყაროებში იძებნება ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების შესახებ.