- რუსეთის ჯარებმა კიევზე მორიგი შეტევა მიიტანეს აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ.
- მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში დარტყმები შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ძლიერი სიცივის გამო ერთი კვირით შეეწყვიტათ კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დღეს, 3 თებერვალს გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი.
ტკაჩენკოს ცნობით, კიევის ხუთ რაიონში დაზიანებულია ოთხი მრავალბინიანი სახლი, არასაცხოვრებელი შენობა, საბავშვო ბაღი და ავტოგასამართი სადგური.
განახლება: 3 თებერვალს დილით კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავებულია 5 ადამიანი.
კიევის ნაწილს ისევ შეუწყდა გათბობით მომარაგება, რომელიც თითქმის სრულად იყო აღდგენილი რუსეთის ჯარების მხრიდან ენერგოობიექტებზე იანვარში განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
გასულ ღამით კიევში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20-21 გრადუსი იყო.
განახლება: კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 3 თებერვლის დილის მდგომარეობით, დედაქალაქში, ძირითადად, დარნიცის და დნეპრის რაიონებში გათბობის გარეშეა 1170 მრავალბინიანი სახლი.
რუსეთის მასირებული შეტევის გამო კიეველებმა თავი ისევ მეტროს შეაფარეს. 2026 წლის 3 თებერვალი
30 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირადი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, პირველ თებერვლამდე თავი შეიკავონ კიევზე დარტყმებისგან, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 1 თებერვალს უნდა გამართულიყო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, თუმცა 4-5 თებერვლისთვის გადაიდო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები შეაჩერა, თუმცა ლოგისტიკის ობიექტებზე გადაერთო.
ასევე ნახეთ ჰოლოდომორიდან ხოლოდომორამდე - რუსეთის ენერგეტიკული ომი უკრაინის წინააღმდეგრუსეთის ჯარები დიდი ხანია მიზანმიმართულად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისია. მოქმედებს ენერგომომარაგების მკაცრი გრაფიკი.
იანვარში რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული დარტყმების შედეგად, ძლიერი ყინვის პირობებში, კიევში გათბობის გარეშე დარჩა 6000-მდე სახლი. მომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანა 24 იანვარსაც, როცა აბუ-დაბიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინა-რუსეთის პირველი სამმხრივი მოლაპარაკება.
ასევე ნახეთ ხარკოვში 800-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე დარჩება რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად