აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, არ დაბომბოს კიევი და უკრაინის სხვა ქალაქები ერთი კვირის განმავლობაში. ტრამპის თქმით, ვლადიმირ პუტინი ამ წინადადებას დათანხმდა.
„ძლიერი სიცივის გამო, მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ეს უბრალოდ სიცივე არ არის; ეს არის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა.“
"ასეთი სიცივე მათ არასდროს განუცდიათ. და ამიტომ პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ განახორციელოს დარტყმები კიევზე ან სხვა ქალაქებზე. ის ამაზე დათანხმდა და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო“, - განაცხადა ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე თეთრ სახლში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა ტრამპის ნათქვამს:
„პრეზიდენტ ტრამპის მნიშვნელოვანი განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ ამ ზამთრის სიცივეში რუსული თავდასხმებისგან. ენერგეტიკა სიცოცხლის საფუძველია და ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, რომლებიც გვეხმარებიან სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განიხილეს. მოველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში.
ტრამპმა ასევე დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „დიდი პროგრესია მიღწეული“. ამის შესახებ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმაც განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა მოხერხდა ტერიტორიული საკითხების განხილვაშიც.
„უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და კეთილდღეობის შესახებ შეთანხმება დიდწილად დასრულებულია“, - განაცხადა უიტკოფმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.
უიტკოფმა ასევე თქვა, რომ რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ კვირაში განახლდება.
29 იანვრის დილით, რუსმა ომის მომხრე ბლოგერებმა, ხოლო შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ხუთდღიან „ენერგეტიკულ ზავზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ მეომარი მხარეები თავს შეიკავებენ ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასეთი ზავი შეიძლება აბუ-დაბიში ბოლო დროს გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ყოფილიყო.
თავის მხრივ, Financial Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა კიევში წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ტრამპის მიერ პუტინისადმი უკრაინაზე დარტყმების დროებით შეჩერების თხოვნის შესახებ მისი საჯარო გამოსვლიდან შეიტყო.
მილერის თქმით, უკრაინულ მხარეს რუსეთიდან არანაირი სიგნალი არ მიუღია და არ არის დარწმუნებული, რომ „ენერგეტიკული ზავი“ ნამდვილად შედგება.
ფორუმი