გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ქალაქ ხარკოვს და ხარკოვის ოლქს დრონებითა და რაკეტებით უტევდნენ.
3 თებერვალს გამთენიისას ხარკოვის მერმა იჰორ ტერეხოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმით გამოწვეული შედეგების გამო იძულებული არიან რთული გადაწყვეტილება მიიღონ და გათიშონ გათბობით 820 სახლის მომარაგების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი თბოელექტროსადგურიდან იკვებება.
ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს 101 სპეციალური პუნქტი, სადაც ხარკოველებს შეუძლიათ გათბნენ, ცხელი სასმელები მიიღონ და ტელეფონებისა და სხვა საჭირო ტექნიკის ელექტროდამტენებით ისარგებლონ.
ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ქალაქ ხარკოვში და ორი - ხარკოვის ოლქში. ენერგომომარაგების გარეშე დარჩნენ ხარკოვის ოლქის იზიუმის და ბალაკლეის რაიონები.
განახლება: 3 თებერვალს დილით ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დარტყმის ქვეშ იყო ქალაქი ხარკოვი და ოლქის 16 დასახლებული პუნქტი, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი, დაზიანებულია ენერგოობიექტები, სახლები, საბავშვო ბაღი და სავაჭრო პავილიონები.
3 თებერვალს რუსეთის ჯარებმა დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა სულ მცირე ორი ადამიანი, დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
კიევის ბევრ რაიონს ისევ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და გათბობა, რომელიც ქალაქში თითქმის სრულად იყო აღდგენილი რუსეთის ჯარების მხრიდან ენერგოობიექტებზე იანვარში განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
გასულ ღამით კიევში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20-21 გრადუსი იყო.
- რუსეთის ჯარებმა კიევსა და ხარკოვზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 4-5 თებერვალს უნდა გაიმართოს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში,.
- მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში დარტყმები შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ძლიერი სიცივის გამო ერთი კვირით შეეწყვიტათ კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევა.
- უკრაინის პრეზიდენტმა ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები შეაჩერა, თუმცა ლოგისტიკის ობიექტებზე გადაერთო.
რუსეთის ჯარები დიდი ხანია მიზანმიმართულად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისია. მოქმედებს ენერგომომარაგების მკაცრი გრაფიკი.
იანვარში რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული დარტყმების შედეგად, ძლიერი ყინვის პირობებში, კიევში გათბობის გარეშე დარჩა 6000-მდე სახლი. მომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობდა.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანა 24 იანვარსაც, როცა აბუ-დაბიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინა-რუსეთის პირველი სამმხრივი მოლაპარაკება.
ფორუმი