კიევში მძაფრი რეაქცია მოჰყვა FIFA-ს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ რუსეთს აკრძალვა უნდა მოუხსნან

FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის(FIFA) პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში რუსეთის მონაწილეობის აკრძალვა. ამ განცხადებას უკრაინისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც არხმა 2 თებერვალს გამოაქვეყნა, ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვა გასაუქმებელია, რადგან არაფერი მოიტანა და მხოლოდ იმედგაცრუება და სიძულვილი გაზარდა.

  • რუსეთის საფეხბურთო გუნდებს FIFA-ს და UEFA-ს(ევროპული საფეხბურთო ასოციაციების კავშირი) ეგიდით ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

FIFA-ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის საფეხბურთო გუნდებისთვის დაწესებული აკრძალვა გასაუქმებელია ახალგაზრდულ დონეზე მაინც და სასარგებლო იქნება, თუ გოგონები და ბიჭები რუსეთიდან ფეხბურთს ითამაშებენ ევროპის სხვა ნაწილებში.

„679 უკრაინელი გოგონა და ბიჭი ვერასდროს ვეღარ შეძლებს ფეხბურთის თამაშს - ისინი რუსეთმა მოკლა“, - ასე უპასუხა ჯანი ინფანტინოს ინტერვიუს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ.

მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტად კლავს მაშინ, როცა „მორალური დეგენერატები“ გვთავაზობენ აკრძალვების გაუქმებას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ომს არ წყვეტს.

FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს განცხადებას მიესალმა რუსეთის ფეხბურთის კავშირი. მან 2 თებერვალს ტელეგრამზე გამოაქვეყნა გენერალური მდივნის მაქსიმ მიტროფანოვის განცხადება, რომ „აბსოლუტურად მხარს უჭერენ ინფანტინოს პოზიციას“, „ბატონი პრეზიდენტი თანმიმდევრულია“ და იმედი აქვთ, რომ „მისი ლიდერობით მსოფლიო ფეხბურთი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ზოგიერთი რუსული გამოცემის ცნობით, FIFA რუსეთის შესაძლო დაბრუნების საკითხის განხილვას აპრილში დაგეგმილ კონგრესზე აპირებს და იქ მიწვეული არიან რუსეთის წარმომადგენლებიც. გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, FIFA კენჭისყრას ჯერჯერობით არ გეგმავს.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი ფიფას "მშვიდობის პრემიის" პირველი ლაურეატი გახდა

2023 წელს FIFA-მ აკრძალვა მოუხსნა რუსეთის 17 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებს, თუმცა შეზღუდვა პრაქტიკულად ისევ მოქმედებს, რადგან ეს ახალგაზრდული გუნდები ვერ გადიან UEFA-ს შესარჩევი ტურნირების ეტაპებს. მათთან თამაშზე უარი თქვეს ევროპის არაერთი ქვეყნის გუნდებმა. მათ შორის უკრაინის, ინგლისის, პოლონეთის და შვედეთის.