უკრაინაში ისევ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული დრონებით შეტევას

რუსეთის ჯარების მორიგი დარტყმით გამოწვეული ხანძარი ოდესაში. 2026 წლის 4 თებერვალი

უკრაინაში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსული დრონებით მორიგ შეტევას. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 თებერვალს საღამოს დაწყებული შეტევა 4 თებერვლის დილამდე გაგრძელდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 4 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა სინელნიკოვის რაიონში, სადაც რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა სრულად გაანადგურა ერთი კერძო სახლი. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი, ადმინისტრაციული შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 20-ზე მეტი სახლი და ორი საბავშვო ბაღისა და ერთი სკოლის შენობები. დაშავდა ორი ადამიანი. რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა.

3 თებერვალს საღამოს დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გვიან ღამით განაცხადა, რომ დაიღუპა ორი ადამიანი - 18 წლის ბიჭი და გოგო. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაზიანდა ხუთი მრავალბინიანი სახლი და რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა.

ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ მიერ 4 თებერვალს დილით გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეტევების შედეგად ენერგოსისტემაში შექმნილი რთული სიტუაციის გამო უკრაინის რამდენიმე რეგიონში ამოქმედებულია ელექტროენერგიის შეწყვეტის ე.წ. ავარიული რეჟიმი. იქ სადაც, მსგავსი რეჟიმი არ არის, დარღვეულია ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი.

ასევე ნახეთ ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შეასრულა დროებითი, ე.წ. ენერგეტიკული ზავის პირობა

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 4 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 თებერვლის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 105 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით 08:00 საათის მდგომარეობით დადასტურებული იყო 88 რუსული დრონის მოგერიება და 17-ით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.

ერთი დღით ადრე, 3 თებერვალს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს მასირებული შეტევა, რომლის მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.

იმავე დღეს უკრაინის მხრიდან სარაკეტო დარტყმის შესახებ განაცხადა რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ. მისი ინფორმაციით, შეტევა იყო ენერგოობიექტებზე. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ბელგოროდის ოლქის ბევრ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და შეფერხდა გათბობითა და წყლით მომარაგებაც.

ასევე ნახეთ „ზამთრის გენოციდის მცდელობა“ - უკრაინა რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგებზე

დღეს, 4 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, უნდა გაგრძელდეს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.