დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადა, რომ პაუზა კვირა დღიდან კვირა დღემდე იყო(25 იანვარი-1 თებერვალი) და პუტინმა სიტყვა შეასრულა.
- უკრაინის ენერგოობიექტებზე მუდმივი დარტყმების გამო ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისია. მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი. შეზღუდულია გათბობის და წყლის მიწოდება.
- იანვარში, რუსეთის ჯარების მორიგი შეტევის შედეგად, ძლიერი ყინვის პირობებში, დედაქალაქ კიევშიც გათბობის გარეშე დარჩა ათასობით მრავალბინიანი სახლი.
აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ პირველად 29 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს პირადად სთხოვა, ძლიერი ყინვის პირობებში კიევს და სხვა ქალაქებს ერთი კვირის განმავლობაში არ დაარტყან, რასაც ის დასთანხმდა.
მეორე დღეს, 30 იანვარს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირადი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირით, პირველ თებერვლამდე თავი შეიკავონ კიევზე დარტყმებისგან. როდის იყო ტრამპისგან ეს თხოვნა, პესკოვს არ დაუკონკრეტებია. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის არმია ლოგისტიკის ობიექტებზე გადაერთო.
3 თებერვალს რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს მორიგი მასირებული შეტევა. იმ მომენტიდან, როცა დროებითი ზავის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, ერთ კვირაზე ნაკლები დრო იყო გასული.
3 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა კიდევ ერთხელ უგულებელყვეს ამერიკული მხარის ძალისხმევა და პირობა დაარღვიეს, რადგან დარტყმები ფაქტობრივად, შეჩერებული იყო გასული კვირის პარასკევის დადგომიდან(30 იანვარი).
3 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ პრემიერმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია, მათ შორის ღამით მომხდარი, რუსეთის „ბარბაროსული თავდასხმა“. სტარმერის შეფასებით, უკრაინის ენერგოსისტემაზე პუტინის სასტიკი შეტევები განსაკუთრებით მძიმეა, როცა ჰაერის ტემპერატურა მინუს ოც გრადუსზე დაბალია.
დღეს, 4 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, უნდა გაგრძელდეს უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება ომის დასრულების პირობებზე.
პირველი სამმხრივი შეხვედრა 23-24 იანვარს გაიმართა და 1 თებერვალს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 4-5 თებერვლისთვის გადაიდო. 30 იანვარს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პირველ თებერვლამდე უკრაინაზე დარტყმების შეჩერების შესახებ პუტინისადმი ტრამპის თხოვნა უკავშირდებოდა მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
აბუ-დაბიში რამდენიმე დღით გადადებული მოლაპარაკების წინ, 3 თებერვალს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს.
ფორუმი