Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზამთრის გენოციდის მცდელობა“ - უკრაინა რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგებზე

რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2026 წლის 3 თებერვალი
რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი კიევში. 2026 წლის 3 თებერვალი

უკრაინის ხელისუფლებამ „ტერორსა“ და „ზამთრის გენოციდის მცდელობაში“ დაადანაშაულა რუსეთი მორიგი მასირებული შეტევის გამო, რომელიც გასულ ღამით დაიწყო და დღეს, 3 თებერვლის დილითაც გაგრძელდა.

უკრაინის მთავრობის მონაცემებით, სამოქალაქო, მათ შორის ენერგოობიექტებზე დარტყმა იყო დედაქალაქ კიევში და ათამდე რეგიონში, მათ შორის ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ვინიცის, ოდესის და კიევის ოლქებში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირჩევს არა დიპლომატიას, არამედ „ტერორსა და ესკალაციას"

  • რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც 4 თებერვალს აბუ-დაბიში უნდა დაიწყოს.
  • მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში მასშტაბური დარტყმები შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ძლიერი სიცივის გამო ერთი კვირით შეეწყვიტათ კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევა.

უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ დენის შმიჰალის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა რამდენიმე სახეობის რაკეტით და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს სამოქალაქო ობიექტებს - სახლებს და თბოელექტროსადგურებსა და თბოელექტროცენტრალებს, რომლებიც ქალაქების, კიევის, ხარკოვის და დნეპრის რაიონების გათბობის რეჟიმში მუშაობდნენ.

შმიჰალის განცხადებით, ასეულობით ათასი ოჯახი, მათ შორის ბავშვები, მიზანმიმართულად დარჩნენ გათბობის გარეშე, როცა გარეთ ჰაერის ტემპერატურა მინუს 25 გრადუსია.

„მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ზამთრის გენოციდის მცდელობა რუსი არაადამიანებისგან“, - დაწერა ვიცე-პრემიერმა შმიჰალმა სოციალურ ქსელებში დღეს, 3 თებერვალს დილით.

3 თებერვალს, უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია ზამთრის ცივი დღეებით ისარგებლოს ადამიანების წინააღმდეგ „ტერორისთვის", ვიდრე - დიპლომატია.

ზელენსკიმ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მიმართა, არ დაივიწყონ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა, რადგან ის „ირჩევს ტერორსა და ესკალაციას".

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ 3 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 71 რაკეტა, მათ შორის „ცირკონები“ და „ისკანდერები“ და 450 უპილოტო საფრენი აპარატი.

სარდლობის თანახმად, ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის დადასტურებული იყო 412 რუსული დრონისა და 38 რაკეტის მოგერიება და 31 დრონითა და 27 რაკეტით პირდაპირი დარტყმა 27 ადგილზე.

შედეგები:

3 თებერვალს დილით კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დედაქალაქში დაშავებულია ხუთი ადამიანი. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, საბავშვო ბაღი და სხვა ობიექტები.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, 3 თებერვლის დილის მდგომარეობით, დედაქალაქში, ძირითადად, დარნიცის და დნეპრის რაიონებში გათბობის გარეშეა 1170 მრავალბინიანი სახლი.

3 თებერვალს დილით ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დარტყმის ქვეშ იყო ქალაქი ხარკოვი და ოლქის 16 დასახლებული პუნქტი, დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი, დაზიანებულია ენერგოობიექტები, სახლები, საბავშვო ბაღი და სავაჭრო პავილიონები.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმით გამოწვეული შედეგების გამო იძულებული არიან რთული გადაწყვეტილება მიიღონ და ქალაქში გათიშონ გათბობით 820 სახლის მომარაგების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი თბოელექტროსადგურიდან იკვებება.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში დაზიანებულია სახლები და ენერგოობიექტები. ვინიცის ოლქში ენერგომომარაგების გარეშე დარჩა 50 დასახლებული პუნქტი, ხოლო ოდესის ოლქში - 50 ათასი ადამიანი.

  • რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიში მიიტანა 24 იანვარსაც, როცა აბუ-დაბიში მიმდინარეობდა აშშ-უკრაინა-რუსეთის პირველი სამმხრივი მოლაპარაკება.
  • 30 იანვარს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირადი თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, პირველ თებერვლამდე თავი შეიკავონ კიევზე დარტყმებისგან, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
  • აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 1 თებერვალს უნდა გამართულიყო არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, თუმცა 4-5 თებერვლისთვის გადაიდო.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები შეაჩერა, თუმცა ლოგისტიკის ობიექტებზე გადაერთო.

განახლება: 3 თებერვალს დღისით, უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, „რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის ტერორისტული შეტევების პასუხად", შორ მანძილზე მოქმედებისა და მაღალი სიზუსტის სახმელეთო და საჰაერო იარაღითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს „უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, მათი ინტერესებისთვის გამოყენებულ ენერგოობიექტებს და ადგილებს, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს აწყობენ და ინახავენ".

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმისა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაზიანების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებულ დიდ ზარალზე.

  • რუსეთი „ტერორისტულ შეტევებს" უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმებს რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო ობიექტებზე, ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • უკრაინისთვის ეს არის „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.

ამასთან, რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლიდან, ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში, როცა უკრაინას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი საშუალებები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებისთვის.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG