კუნძულ ქიოსის მახლობლად მოხერხდა ნავში მყოფი 15 ადამიანის ცხედრების წყლიდან ამოტანა, განაცხადა საბერძნეთის ტელევიზიაში ოთხშაბათს, 4 თებერვალს, გუბერნატორის მოადგილემ, პანტელის ვრულისმა.
ERTNews-ის ცნობით, 25 დაშავებული, მათ შორის 11 ბავშვი და ორი სანაპირო დაცვის თანამშრომელი, ქიოსის საავადმყოფოში მოათავსეს. Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გასაბერ ნავში დაახლოებით 30-35 ადამიანი იმყოფებოდა.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის პატრულმა შენიშნა ნავი, რომელიც თურქეთიდან ქიოსისკენ მიემართებოდა და კურსის შეცვლა მოსთხოვა მას. ბერძნული ტელეარხი Skai-ის ცნობით, ორი ხომალდი შემდეგ გაურკვეველი მიზეზების გამო შეეჯახა ერთმანეთს და რამდენიმე ადამიანი ზღვაში ჩავარდა. სანაპირო დაცვამ საბერძნეთის საჰაერო ძალებთან ერთად დაიწყო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.
Reuters-ი, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიგრანტთა გადამყვანებმა ნავი საპატრულო გემისკენ მიმართეს, რამაც შეჯახება გამოიწვია.
Deutsche Welle-ს თანახმად, არალეგალური მიგრანტები თურქეთიდან ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საბერძნეთის კუნძულებზე კონტრაბანდისტებს გადაჰყავთ. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან ამ გზით საბერძნეთში ჩავიდა დაახლოებით 1000 მიგრანტი.
საბერძნეთი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესასვლელი პუნქტია მიგრანტებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან. 2019 წელს ხელისუფლებაში კონსერვატიული მთავრობის მოსვლის შემდეგ ათენმა მკვეთრად გაამკაცრა სასაზღვრო კონტროლი და საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა ლტოლვილების მიმართ მოპყრობის გამო.
ასევე ნახეთ დაკავებული ტანკერიდან 5 მეზღვაური საქართველოში დაბრუნდა