ბრძოლა ენერგორესურსებისთვის: რუსეთში ბელგოროდი ჩაბნელდა, უკრაინა კი კიევის თბოელექტროსადგურის დაზიანებას აჩვენებს

კიევის დარნიცის თბოელექტროსადგურის ნანგრევები, რომლებიც 4 თებერვალს უცხოელი დიპლომატებისთვის ობიექტზე მოწყობილი ტურის დროს დააფიქსირეს.

რუსეთი ამ ზამთარს დარნიცის ელექტროსადგურს ხუთჯერ დაესხა თავს. ბოლო დარტყმა 3 თებერვალს იყო, როდესაც ობიექტის მიმართულებით ხუთი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

4 თებერვალს დაზიანებული სადგური სამოცმა უცხოელმა დიპლომატმა დაათვალიერა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი პერებიინისის განცხადებით, ვიზიტი იმისთვის მოეწყო, რომ უკრაინის მოკავშირეებმა „საკუთარი თვალით ნახონ, რას სჩადის აგრესორი სახელმწიფო და ეს ინფორმაცია თავიანთ დედაქალაქებში ჩაიტანონ“.

ოფიციალური პირების თქმით, სადგურს, რომელიც ახლა თითქმის მთლიანად განადგურებულია, „საკმაოდ დიდი დრო“ დასჭირდება აღსადგენად, რათა კიევის მცხოვრებლებისთვის სითბოს მიწოდება კვლავ შეძლოს.

სარესტავრაციო სამუშაოები 4 თებერვალს.

ელექტროსადგურის დირექტორის თქმით, სარესტავრაციო ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, თუმცა სამუშაოებს ხელს უშლის ყინვა.

ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში 1100-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე რჩება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთარია, რომელიც კიევს ბოლო წლების განმავლობაში გამოუვლია.

„ზიანი და ნგრევის მასშტაბები უბრალოდ შოკისმომგვრელია“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა უკრაინაში, ჰაიკო თომსმა, ტურის განმავლობაში. „ამას გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია დამატებითი მხარდაჭერის მოზიდვა. ჩვენ როგორმე უნდა ვიპოვოთ გზა ამ ომის დასასრულებლად, რომელიც მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ რუსეთს ასე სურს“.

ქუჩა ბელგოროდში, რუსეთი. გადაღებულია 3 თებერვალს.

Reuters-ის მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის დასავლეთით მდებარე ქალაქი ბელგოროდი ასევე ელექტროენერგიის გათიშვის წინაშე დგას. ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, უკრაინულმა რაკეტებმა და დრონებმა ქალაქის ენერგოობიექტები ამოიღეს მიზანში.

საცხოვრებელი კორპუსი ბელგოროდში, შებინდებისას, 3 თებერვალს.

რუსულ ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის მხრიდან ქალაქის ენერგოსისტემაზე განხორციელებული მეორე თავდასხმაა. ეს, სავარაუდოდ, შურისძიებაა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოქსელზე მიმდინარე დარტყმების გამო.