New START-ის ბირთვული არსენალის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების ვადა იწურება

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები, ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი New START-ზე ხელმოწერისას. პრაღა, 2010 წლის 8 აპრილი (არქივი)

5 თებერვალს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულებას New START-ს (SNV-III) ვადა ეწურება.

ეს ხელშეკრულება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული განიარაღების შესახებ ბოლო მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, რომელსაც ხელი მოაწერეს პრაღაში 2010 წლის აპრილში. ძალაში შევიდა 2011 წლის თებერვალში და გათვლილი იყო ათ წელიწადზე - ერთჯერადი, ხუთწლიანი გაგრძელების შესაძლებლობით, რაც 2021 წელს მოხდა კიდეც.

ხელშეკრულება ითვალისწინებდა თითოეული მხარის მიერ განლაგებული ბირთვული ქობინების შემცირებას 1550-მდე („ცივი ომის“ დროს სსრკ-სა და აშშ-ს 35 ათასამდე ბირთვული ქობინი ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ New START-ის ძალით მათი არსენალები 20-ჯერ შეამცირა).

სააგენტო France-Presse-ი წერს, რომ ნატომ 5 თებერვალს მხარეებს მოუწოდა ხელშეკრულების - New START-ის მიმართ „თავშეკავებული და პასუხისმგებლობით“ მიდგომისკენ ვადის გასვლასთან დაკავშირებით. „თავშეკავებას და პასუხისმგებლობას ბირთვულ სფეროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - მოჰყავს AFP-ს დასავლური სამხედრო ალიანსის წარმომადგენლის სიტყვები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

სააგენტოს თანამოსაუბრემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ზრდიან თავიანთ ბირთვულ პოტენციალს და რომ ნატო „გააგრძელებს საჭირო ნაბიჯების გადადგმას“ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

კრემლმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს სტრატეგიული ბირთვული სტაბილურობისადმი პასუხისმგებლობით მიდგომას.

„რუსეთის ფედერაცია შეინარჩუნებს პასუხისმგებლობით და ყურადღებიან მიდგომას ბირთვული შეიარაღების სფეროში სტრატეგიული სტაბილურობის საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა. ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხში მოსკოვი, „როგორც ყოველთვის, პირველ რიგში თავისი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს“.

2025 წლის შემოდგომაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კრემლი მზად იყო, SNV-III-ის - იმავე New START-ის - ხელშეკრულება მისი ვადის გასვლის შემდეგ კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაეცვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებიც აიღებდა მსგავს ვალდებულებებს.

იანვარში The New York Times-თან ინტერვიუში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთთან შეთანხმების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შეშფოთება არ გამოუთქვამს.

„ჩვენ უბრალოდ უკეთეს შეთანხმებას დავდებთ“, - აღნიშნა მაშინ ტრამპმა.

NYT-თან საუბარში ტრამპმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მომავალ ხელშეკრულებაში ასევე უნდა შედიოდეს ჩინეთიც, მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული ქვეყანა. ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ მოთხოვნა „არაგონივრული და არარეალისტურია“ და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი თავის არსენალს „მინიმალურ დონეზე“ ინარჩუნებს და არ არის ჩართული შეიარაღების რბოლაში.