ვენესუელაში პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოცხადდება

ვენესუელის პარლამენტის მიერ ამნისტიის კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, 5 თებერვალს პოლიტპატიმრების ნათესავებმა კარაკასის ერთ-ერთ იზოლატორთან აქცია-პიკეტი გამართეს

ვენესუელის პარლამენტმა, ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ასეულობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებას გამოიწვევს.

5 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრა კანონპროექტის ერთსულოვანი მხარდაჭერით დასრულდა.

ამნისტიის გამოცხადების ინიციატორია ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი, რომელიც აშშ-ის მიერ იანვარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისა და ვენესუელის მმართველის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრების შემდეგ ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.

მადუროს მმართველობისას როდრიგესი ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ასევე ნახეთ ქამელეონი - ვენესუელის ახალი მმართველის ნიღბები და სტილი

კანონპროექტი ამნისტიის შესახებ ვრცელდება „ტერორიზმის“, „ქვეყნის ღალატისა“ და „სიძულვილის გაღვივების“ ბრალდებებით გასამართლებულებისთვის. ნიკოლას მადუროსა და მისი წინამორბედი უგო ჩავესის ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს სწორედ ამ მუხლებით ასამართლებდა.

ამნისტია არ გავრცელდება მკვლელობის, ნარკოტიკებით უკანონოდ ვაჭრობის, კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მუხლებით გასამართლებულ პირებზე.

  • 2026 წლის 3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და დედაქალაქ კარაკასში დააკავა ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი.
  • 5 იანვარს მათ ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. მადურომ და ფლორესმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს.

აშშ-ის სამხედრო ოპერაციის შემდეგ ვენესუელის ხელისუფლებამ იანვარშივე გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა ნაწილი.

ასევე ნახეთ ტრამპი: აშშ ვენესუელიდან მიიღებს 30-50 მილიონ ბარელ ნავთობს

ვენესუელაში სამხედრო ოპერაციისა და მადუროს დაკავების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა.

დასავლეთის მედიასაშუალებები აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ვაშინგტონმა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ როდრიგესს მოსთხოვა ნარკოტიკების ნაკადების აღკვეთა, ირანელი, კუბელი და ვაშინგტონის მიმართ მტრულად განწყობილი სხვა აგენტების გაძევება, თავისუფალი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა და ამის შემდეგ გადადგომა.

5 იანვარს ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-ს განუცხადა, რომ არჩევნების ჩატარებას დრო დასჭირდება და მანამდე ვენესუელაში წესრიგი უნდა დაამყარონ და „გამოაჯანმრთელონ”. ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა მარია კორინა მაჩადომ გამოცემა Politico-ს 5 თებერვალს განუცხადა, რომ მისი აზრით, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ათ თვეში იქნება შესაძლებელი.

  • სოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტი პირველად 2013 წლის აპრილში გახდა.
  • ოპოზიციამ მადუროს ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში არაერთხელ დაადანაშაულა, მათ შორის 2024 წელსაც, როცა ეგზიტპოლების და ოპოზიციის პარალელური დათვლის შედეგებით არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოაცხადა.
ასევე ნახეთ საქართველომ ვენესუელასთან განიხილა „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების“ გაუქმების საკითხი