3 იანვარს ვენესუელაში აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომელიც ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავებითა და ნიუ-იორკში სასამართლოს წინაშე წარდგენით დასრულდა, ქვეყანას ხელმძღვანელობს ოთხი პირი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვენესუელის გადაყენებული მმართველის უახლოეს და ყველაზე ერთგულ მოკავშირეები იყვნენ.
მათ, სულ მცირე, კარგი ვერბალური ურთიერთობა აეწყოთ დონალდ ტრამპთან, რომელიც თავდაჯერებულად აცხადებს, რომ მომდევნო წლებში ვენესუელის ფაქტობრივი მმართველი თეთრი სახლი იქნება.
წლების განმავლობაში ოთხივე ეს პირი ითვლებოდა ვენესუელის - „ბოლივარული რეჟიმის“ (სამხრეთი ამერიკის მემარცხენე პოლიტიკური - სახალხო დემოკრატიის და ეკონომიკური სუვერენიტეტის პრინციპზე, დემოკრატიული სოციალიზმის ფასეულობებზე დამყარებული მოძრაობა, რომელიც კოლონიალიზმისგან ამ ქვეყნების გათავისუფლების მამამთავარს, სიმონ ბოლივარს უკავშირდება - რ.თ.) საყრდენად და ამ დროს, იმავე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი, რაც მადუროს ბრალდება.
თუმცა, თითოეულს თავისი გამორჩეული მახასიათებლები აქვს. მათ შესახებ გვსურს გიამბოთ.
პირველი ორი არის დელსი როდრიგესი, რომელიც 5 იანვარს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად დაინიშნა და მისი უფროსი ძმა, ხორხე როდრიგესი, ქვეყნის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი.
27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავ მზადაა, გამოიყენოს ძალა, რათა ვენესუელის დროებით პრეზიდენტი დელსი როდრიგესი აიძულოს, ითანამშრომლოს აშშ-თან, „თუ სხვა მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდება“.
რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელაში ახალი ამერიკული სამხედრო ოპერაცია საჭირო არ იქნება, რადგან, მისი თქმით, დელსი როდრიგესი აქამდე „მორჩილებას ავლენდა,“ მან პირობა დადო, რომ ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორს სრულად გაუხსნიდა ნავთობის ამერიკულ კორპორაციებს, შესთავაზებდა მათ ყველა შესაძლო შეღავათს და კარაკასის ნავთობის საზღვარგარეთ გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს, ძირითადად, ამერიკული საქონლის შესაძენად გამოიყენებდა.
ამერიკულმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის გეგმის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის მართვაში მთავარი როლი მარკო რუბიოს ექნებოდა.
დონალდ ტრამპმა იანვარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელის მრავალი წლის განმავლობაში ეფექტურად მართვას აპირებს. თუმცა ამ უზარმაზარი ლათინური ამერიკის ქვეყნის მართვა, რომელიც დანგრეულია და ერაყზე ორჯერ (916 000 კვადრატული კილომეტრი) და პოლონეთზე ან გაერთიანებულ სამეფოზე სამჯერ დიდია, უკიდურესად რთული იქნება.
ათასი ფრაქციის ქვეყანა
სანამ კარაკასში ხელისუფლებაში უგო ჩავესი და შემდეგ, 2013 წლიდან ნიკოლას მადურო იყო, გარკვეული ბალანსის შენარჩუნება ხერხდებოდა ვენესუელის პოლიტიკურ და შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებსაც რეალური ძალაუფლება ჰქონდათ.
მათ ავანგარდში იყვნენ მმართველი „ბოლივარელი სოციალისტები“ და მათი პარტიები, როგორებიცაა ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტია (PSUV) და „მოძრაობა - ჩვენ ვართ ვენესუელა“ (MSV).
ეს სტატუს-კვო მათ საშუალებას აძლევდა წარმატებით ჩაეხშოთ სახალხო უკმაყოფილება, მოეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიული კამპანიები და მისი წევრების დევნა, ხოლო მმართველების ლიდერებს გაეზარდათ პირადი სიმდიდრე.
პროვინციებს მართავდნენ როგორც ადგილობრივი, ისევე მეზობელი კოლუმბიიდან გადმოსული კრიმინალური კლანები და კარტელები, ახალგაზრდული ბანდები და შეიარაღებული ულტრამემარცხენე ამბოხებულები, რომლებიც მუდმივად ერთმანეთს ერწყმოდნენ და იშლებოდნენ. მათ, როგორც წესი, ურთიერთსასარგებლო შეთანხმება ჰქონდათ ადგილობრივი მოხელეებთან და ოფიცრებთან, ან პირდაპირ ფედერალურ მთავრობასთან.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურო ვენესუელიდან გაიყვანეს, მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, როგორც კარაკასში, ისე რეგიონებში. მაგრამ ამ დროს, ვენესუელისთვის ასე მნიშვნელოვანი ნავთობის მრეწველობისა და მთლიანად ეკონომიკის აღსადგენად საჭირო ფართო უცხოური ინვესტიციები სტაბილურობის
მცირე ნიშანს მაინც მოითხოვს. ეს ქვეყანას ჯერ არ უნახავს და არც იმის ნიშნებია, რომ მალე დამყარდება.
კარაკასის ცენტრალურმა მთავრობამ, ვაშინგტონი ამას მისგან დაჟინებით მოითხოვს, ახლა უნდა მოიფიქროს, როგორ აღადგინოს თავისი ძალაუფლება შორეულ პროვინციებში, სადაც კარგად შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები და გასამხედროებული შეიარაღებული ძალები ათწლეულების განმავლობაში ბატონობდნენ. და როგორ შეუწყვიტოს მათ შემოსავლის წყაროები, დაწყებული მინერალების უკანონო მოპოვებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით, დამთავრებული გამოძალვითა და გამოსასყიდის მისაღებად ადამიანების რეგულარული გატაცებებით.
თუმცა ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, სავარაუდოდ, მთლიანად გაანადგურებს ძალაუფლების წინა ვერტიკალურ სტრუქტურას, რომლის მშენებლობასაც ნიკოლას მადურომ ამდენი ხანი მოანდომა - და ვენესუელას სრულ ქაოსში, ნგრევასა და უკონტროლო ძალადობაში ჩაძირავს.
გარდა ამისა, კარაკასში დარჩენილ „ახალ ძველ“ ხელმძღვანელობას არა მხოლოდ სულ უფრო უკმაყოფილო ოპოზიციისა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისა და ბანდების გამო ემუქრება გამოწვევები, არამედ პოტენციური განხეთქილებაც საკუთარ რიგებში.
ამჟამად მმართველ ელიტაში არასტაბილური ზავია - ე.წ. „სამოქალაქო ფრაქციას,“ რომელსაც ხელმძღვანელობენ დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი (ასევე პარტია MSV-ის თავმჯდომარე) და მისი ძმა ხორხე როდრიგესი, ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარე, და „ძალოვან ფრაქციას“ შორის, რომელსაც განაგებენ გავლენიანი დიოსდადო კაბელო, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და მშვიდობის სახალხო ხელისუფლების სამინისტროს ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ლოპესი. თუმცა ეს ალიანსი შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიშალოს.
დელსი როდრიგესის ისტორია
56 წლის დელსი ელოინა როდრიგეს გომესი უგო ჩავესის და ნიკოლას მადუროს დიდი ხნის მოკავშირეა, ბოლივარული მოძრაობის ვეტერანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო 2018 წლის 14 ივნისიდან ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და საიდუმლო პოლიციის, SEBIN-ის (ბოლივარული ეროვნული დაზვერვის სამსახური, რომელსაც რეჟიმის ოპონენტები და ადამიანის უფლებათა დამცველები „ვენესუელის ენკავედეს“ უწოდებენ) ოფიციალური ხელმძღვანელია. ის ახლა მოვალეობის შემსრულებელი პრეზიდენტია 2026 წლის 5 იანვრიდან. დელსი როდრიგესი რუსეთის "მეგობრობის ორდენის" (2024) მფლობელია და თითქმის ყველა დასავლურ ქვეყანას აქვს მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები დაწესებული. თუმცა ამ დროისთვის ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფავორიტად რჩება ვენესუელის მოვალეობის შემსრულებელი ლიდერის თანამდებობაზე.
დელსი კარაკასში დაიბადა 1969 წლის 18 მაისს. მისი მამა იყო ცნობილი ვენესუელელი მარქსისტი რევოლუციონერი ხორხე ანტონიო როდრიგესი, „ქალაქის პარტიზანი“ და ვენესუელის სოციალისტური ლიგის დამფუძნებელი. 1976 წელს იგი მაშინდელი სადაზვერვო სააგენტო DISIP-ის აგენტებმა დააკავეს, როგორც ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენის (და სავარაუდოდ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის) უილიამ ფრენკ ნიჰაუსის გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზატორი. როდრიგესი პატიმრობაში წამების შედეგად გარდაიცვალა (ოფიციალურად, გულის შეტევით).
დელსი როდრიგესთან დაახლოებული პირების თქმით, ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, მისი ხასიათის მთავარი თვისება, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში გამოარჩევდა, იყო უკიდურესად უხეში, მოქილიკე და ისტერიულად აგრესიული მანერა ყველასთან ურთიერთობისას, ვისიც უკმაყოფილო იყო - იქნებოდა ეს დემონსტრანტები ქუჩაში, ოპოზიციის ლიდერები თუ დასავლელი დიპლომატები და პოლიტიკოსები.
„ჩემი ცხოვრების მთელი მიზანია, უკომპრომისოდ დავუპირისპირდე ამერიკულ იმპერიალიზმს და ისრაელის სიონიზმს ყველგან და ყოველთვის“, - აცხადებდა როდრიგესი ყველა ტრიბუნიდან. ვენესუელასა და ისრაელს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა უგო ჩავესის დროიდან იღებს სათავეს, რომელმაც 2009 წელს გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან და გააძევა ისრაელის ელჩი. 3 იანვრის დილით, როდესაც კარაკასში ჯერ კიდევ ჩანდა ამერიკული საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებული სამხედრო ობიექტების ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლის ღრუბლები, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ „აშშ-ის შემოჭრა, ეჭვგარეშეა, აშკარად სიონისტური ხასიათისაა“.
თუმცა სულ რაღაც 24 საათში მან რადიკალურად შეცვალა ტონი. ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, თანამოაზრეებთან საიდუმლო ონლაინშეხვედრაზე, რომელსაც თან ახლდა სკანდალი და ზოგიერთის მხრიდან ღალატისა და თეთრ სახლთან შეთქმულების ბრალდებები, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ ტრამპის წარმომადგენლები პირდაპირ დაემუქრნენ ფიზიკურად განადგურებით, თუ ის „მადუროს დატყვევების შემდეგ არ ითანამშრომლებდა“. ეს გამოვლინდა შეხვედრის გაჟონილ ვიდეოში, რომელიც გამოაქვეყნა ოპოზიციურმა ჟურნალისტურმა ასოციაცია La Hora de Venezuela-მ.
გამოქვეყნებულ კადრებში ბოლივარული მთავრობის კომუნიკაციების მინისტრი, ფრედი ნანიესი, იცავს დელსი როდრიგესს და არწმუნებს შეკრებილებს, რომ ის „ერთადერთი იმედია, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი პრეზიდენტის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებას, ასევე გვერდის გადახვევას და ხელახლა დაჯგუფებას“. შემდეგ მას მიკროფონთან მიაქვს ტელეფონი, სადაც თავად ცრემლმორეული როდრიგესია ხაზზე.
„ჩემ მიმართ მუქარა პრეზიდენტის გატაცების პირველივე წუთიდან დაიწყო. მათ დიოსდადოს (კაბელო - რ.თ.), ხორხეს (ხორბე როდრიგესი, მისი ძმა - რ.თ.) და მე 15 წუთი მოგვცეს პასუხის გასაცემად, ან მოკვლით დაგვემუქრნენ. მითხრეს, რომ ნიკოლასი და სილია უკვე მკვდრები იყვნენ და არა გატაცებულები“, - განაცხადა მან შეკრებილებთან საუბრისას. - „ერთადერთი, რასაც ახლა ვითხოვ, ერთიანობაა“.
რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რედკლიფი პირადად შეხვდა დელსი როდრიგესს, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის კარაკასში ჩაფრინდა. როგორც ჩანს, ვაშინგტონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მხოლოდ ის და არა ოპოზიცია, მარია კორინა მაჩადოს ან სხვა ვინმეს სახით, შეძლებდა ვენესუელაში ძლივს მოქმედი ხელისუფლების ინსტიტუტების და კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას - კონტროლს მოხელეებზე, ბანდიტებზე, არმიასა და მრავალ შეიარაღებულ ჯგუფზე, ასევე ვენესუელის უსაფრთხოების ძალებსა და სპეცსამსახურებზე.
Associated Press-ის ცნობით, დელსი როდრიგესი დიდი ხანია აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის უწყების (DEA) დაახლოებით ათ საგამოძიებო საქმეში ფიგურირებს და მას 2018 წლიდან აკვირდება. 2022 წლიდან როდრიგესი მიჩნეულია „პრიორიტეტულ სამიზნედ“ - პირად, რომელსაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ნარკოვაჭრობაზე. DEA-ს გამოძიებებში ნახსენებია ეჭვი, რომ ის დაკავშირებულია ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასა და ოქროს კონტრაბანდასთან. თუმცა დელსი როდრიგესისთვის აშშ-ში ოფიციალურად არასდროს წაუყენებიათ ბრალი.
3 იანვარს, მაშინ, როცა აშშ-ის სპეცრაზმის მიერ ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავებიდან ჯერ ერთი დღეც არ იყო გასული, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი თხოვნით სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ოფიციალურად დაუკავშირდა დელსი როდრიგესს - რომელმაც, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, განაცხადა, რომ შეასრულებდა „აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც შეერთებული შტატები მოითხოვდა“.
დელსი როდრიგესის ნიჭები
შესაძლოა, დელსი როდრიგესს ხასიათის სხვა მხარეებიც აქვს, რომლებიც ახლა გამოჩნდა. იგივე ადამიანები, რომლებიც მას უხეშობაში ადანაშაულებდნენ, ახლა ამტკიცებენ, რომ მისი ჩვევა - ოპოზიციისა და დასავლეთის, აშშ-ის მეთაურობით, შეურაცხყოფა - მხოლოდ ნიღაბი იყო და „სამსახურებრივი მოვალეობის“ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
სინამდვილეში ის, ვითომ საკმაოდ მშვიდი და პრაგმატული მმართველი ტექნოკრატია, რომელმაც კარგი განათლება მიიღო პარიზსა და ლონდონში (თავისუფლად საუბრობს ფრანგულად და ინგლისურად) და ადვილად ერგება ნებისმიერ გარემოებას.
სწორედ ამის წყალობით შეძლო, როგორც ჩანს, როდრიგესმა გადაეტანა როგორც ჩატარებული მრავალრიცხოვანი შიდა „პარტიული წმენდები“, ისე სხვადასხვა გეოპოლიტიკური ძვრები.
მაგალითად, 2017 წელს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში, დელსი როდრიგესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აშშ-სთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ მცდელობა წამოიწყო - დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე. სწორედ მისი ინიციატივით კომპანია Citgo Petroleum-მა, რომელიც მაშინ ვენესუელის ეროვნული ნავთობკომპანიის PDVSA-ს (Petróleos de Venezuela, S.A.) შვილობილი სტრუქტურა იყო, ტრამპის პირველ ინაუგურაციას 500 ათასი დოლარი შესწირა.
როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, დელსი როდრიგესის გამოსვლებისა და კომუნიკაციის სრულიად ახალი - მშვიდი და რიცხვებით გაჯერებული - სტილი აშკარად გამოიკვეთა კარაკასში გამართულ მთავრობის ბოლო სხდომებზე. ის სწრაფად, ზეპირად, ქაღალდებში ჩახედვის გარეშე ჩამოთვლის სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს, და ვენესუელასა და შეერთებულ შტატებს შორის მომავალი ურთიერთობების აღსაწერად ისეთ ტერმინებსაც კი იყენებს, როგორიცაა „ამბივალენტური“ და „მანიქეური“.
ეს მანერა მკვეთრად განსხვავდება ნიკოლას მადუროს სალაპარაკო, უბრალო სტილისგან - ქალაქის ავტობუსის ყოფილი მძღოლისგან, რომელიც საკუთარ თავს ამაყად „მუშათა კვარტლის პრეზიდენტს“ უწოდებდა.
„ბოლივარიანულ მთავრობასთან“ დაახლოებული რამდენიმე პირის თქმით, დელსი როდრიგესი ზურგსუკან ინტრიგებისა და მანიპულაციების ოსტატია. ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებზე აღმასვლის პროცესში მან მოხერხებულად გადასწია მეორე პლანზე არაერთი პოტენციური მეტოქე და ჩამოგდებული მადუროს ყოფილი ფავორიტები.
კერძოდ, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ტარეკ ელ-აისამის გადადგომასა და შემდგომ დაპატიმრებაში - პოლიტიკოსისა, რომელიც ერთ დროს ვენესუელის ნავთობინდუსტრიის მთელ სექტორს ხელმძღვანელობდა.
სირიულ-ლიბანური წარმოშობის ეს ვენესუელელი პოლიტიკოსი ნიკოლას მადუროს მარჯვენა ხელი იყო და მის მფარველობის ქვეშ მოქმედებდა. 2022 წელს ის გამოდიოდა ქვეყანაში ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიების, პირველ რიგში Chevron-ის, დაბრუნების მხარდამჭერად. ამას ხელს არ უშლიდა არც მის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები და არც ოფიციალური ბრალდებები საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში (მათ შორის, სილია ფლორესის ნათესავების მონაწილეობით - ე.წ. Narcosobrinos-ის საქმე 2015 წელს), ფულის გათეთრებასა და ვენესუელური პასპორტებით ვაჭრობაში.
ეს პასპორტები ელ-აისამის ნათესავების მეშვეობით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რადიკალი ჯიჰადისტების ხელში ხვდებოდა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებით, ამ უკანასკნელ დანაშაულში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც დელსი როდრიგესი, ისე ნიკოლას მადურო და ვენესუელის მმართველი ელიტის უმაღლესი წრეები.
თუმცა 2023 წლის 20 მარტს ელ-აისამიმ მოულოდნელად დატოვა თანამდებობა - ამის შესახებ მან თავად განაცხადა სოციალურ ქსელ Twitter-ში, და იქვე მიიღო მისი გადადგომა ნიკოლას მადურომ. მომდევნო დღეს ელ-აისამი (როგორც იუწყებიან, დელსი როდრიგესმა დაიჟინა, რომ „ვიღაც მსხვერპლად უნდა შეეწირათ“) კარაკასმა დაადანაშაულა სახელმწიფო ღალატში, კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში და დააკავა. რა ხდება მის თავს ახლა და საერთოდ ცოცხალია თუ არა - დღემდე უცნობია.
ბოლო დღეებში დელსი როდრიგესი შეხვდა რამდენიმე ვენესუელელ და დასავლელ ბიზნესმენს. მათი თქმით, ისინი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ მისი ღრმა ცოდნით როგორც იურიდიულ, ისე ტექნიკურ საკითხებში, აგრეთვე მისი მჭევრმეტყველებითა და მახვილგონიერებით. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ის ყოველთვის ელეგანტურად არის ჩაცმული (წითელი „რევოლუციური“ სპორტული შარვლები და მაისურები წარსულს ჩაბარდა), სვამს არგუმენტირებულ, მიმართულ კითხვებს და დახვეწილად ხუმრობს.
ზოგი მას უკიდურესად დეტალებზე ორიენტირებულ, კონტროლით შეპყრობილ ბიუროკრატადაც კი აღწერს - ის დაჟინებით ითხოვს პირადად გაეცნოს და ხელი მოაწეროს თითოეულ დოკუმენტს, მათ შორის ყველაზე უმნიშვნელო შეთანხმებებსაც კი. მოწმეების თქმით, ასეთმა მიდგომამ უკვე შეიტანა გარკვეული დისციპლინა ვენესუელის მანამდე ქაოსურ და „ნელა მოძრავ“ ბიუროკრატიაში. მეორე მხრივ კი ამან გამოიწვია ხელშეკრულებების, დადგენილებებისა და შეთანხმებების გრძელი რიგის დაგროვება ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე - მისი პირადი თანხმობის მოლოდინში.
დელსი როდრიგესს შვილები არ ჰყავს და ოფიციალურად არასდროს ჰყოლია ქმარი, თუმცა მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არაერთი რომანტიკული ურთიერთობა ჰქონია. ადამიანები, რომლებიც მას კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ის ძალიან ახლოსაა დედასთან, უფროს ძმასთან, ხორხესთან, მის შვილებთან და ცდილობს თავისუფალი დრო სწორედ მათთან გაატაროს.
ხორხე როდრიგესი და მისი წრე
ხორხე ხესუს როდრიგეს გომესთან - თავის 60 წლის უფროს ძმასთან, ფსიქიატრიის პროფესორსა და მოყვარულ მწერალთან, ვენესუელის ყოფილ ვიცეპრეზიდენტთან, რომელიც ამჟამად ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობს - დელსი როდრიგესმა ამერიკული ოპერაციის შემდეგ შექმნა ახალი, ძლიერი "ძალაუფლების დუეტი".
მისი პოლიტიკური პოტენციალი ამ ეტაპზე აჭარბებს „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლების - დიოსდადო კაბელიოსა და ვლადიმირ პადრინოს - გავლენას და ხელს უწყობს ქვეყნის ახალი, ჯერ კიდევ ფორმირებადი ეკონომიკური ელიტის კონცენტრირებას დაახლოებული და-ძმის გარშემო.
ამ წრეებში შედის ბევრი ვენესუელელი ლიბანურ-სირიული დიასპორიდან, რომელიც ტრადიციულად გავლენიან პოზიციებს იკავებს ადგილობრივ ბიზნესგარემოში და აქვს კავშირები ახლო აღმოსავლეთის რადიკალურ დაჯგუფებებთან - პირველ რიგში ჰამასთან, ასევე ჰეზბოლასთან.
ზოგიერთი ცნობით, როდრიგესების ოჯახის მეშვეობით და ვენესუელის ბაზაზე, მთელი ლათინური ამერიკის კონტინენტზე საქმიანობენ ლიბანში დაბადებული ძმები ნასიფები, რომლებიც აკონტროლებენ შერეული საერთაშორისო კაპიტალის მქონე კომპანიების ქსელს. ამ ქსელში შედის მშენებლობის, ტურისტული მომსახურების, უძრავი ქონებისა და სურსათის იმპორტის სფეროს საწარმოები. უფროს ძმას, იუსუფ აბუ ნასიფს, დელსი როდრიგესის ამჟამინდელ საყვარლად მოიხსენიებენ, ხოლო უმცროსი, ნაბილ აბუ ნასიფი თითქოს ბავშვობიდანვე ხორხე როდრიგესის ახლო მეგობარია.
დელსი როდრიგესი და სულიერება
დელსი როდრიგესი, თავისი ძმის, ხორხეს მსგავსად, კათოლიკედ აღიზარდა, თუმცა აღზრდის შემდეგ, როგორც თავად ამბობს, „სულიერების უფრო ფართო გაგებას ეზიარა,” რასაც არ ავლენდა, რათა თავისი მკაცრი ბოლივარიანული სოციალისტის, ფემინისტისა და ლათინური ამერიკის რევოლუციონერის ოფიციალური იმიჯი შეენარჩუნებინა.
ასევე ცნობილია, რომ 2000-იანი წლების დასაწყისიდან დელსი როდრიგესი გახდა სკანდალურად ცნობილი „ნეოინდუიზმის“ გურუს, მრავალმილიარდიანი ფინანსური იმპერიის შემქმნელის, სათია საი ბაბას მიმდევარი. ბაბა გარდაიცვალა 2011 წელს. მას წაყენებული ჰქონდა ბრალდებები სექსუალურ ძალადობასა და ფულის გათეთრებაში. მისი გარდაცვალების შემდეგ როდრიგესი რამდენიმეჯერ სრულიად მალულად ეწვია ბაბას აშრამს - სულიერ სავანეს, სამხრეთ ინდოეთში (უკანასკნელად — 2024 წლის შემოდგომაზე), რათა პატივი მიეგო გარდაცვლილ გურუსთვის.
ვენესუელაში ამ მქადაგებლის სხვა გამორჩეულ მიმდევრებს შორის იყვნენ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი. 2011 წელს, ამ სამეულის ინიციატივით, ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ სპეციალური დეკრეტით გამოაცხადა სათია საი ბაბა „უმაღლეს ღვთაებად“ („ბჰაგავანი“) და „მაჰათმად“, ანუ სამყაროს სულიერების მიწიერ განსახიერებად, მაჰათმა განდისა და დედა ტერეზასთან ერთად.