საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინიციატორი ვენესუელის მხარე იყო. უწყებამ 19 იანვარს გამართული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაცია ფოტოსურათის გარეშე გაავრცელა.
„ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვასა და გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 10 სექტემბერს ვენესუალამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა.
- 2026 წლის 3 იანვარს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარეს და დააკავეს ქვეყნის მეთაური ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. ვენესუელის ხელისუფლების თანახმად, დარტყმა იყო სამოქალაქო ობიექტებზეც.
- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა. ტრამპის თანახმად, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიები მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვენესუელის განადგურებული სანავთობო ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ქვეყნისთვის ფულის გამომუშავებას დაიწყებენ.
- 5 იანვარს ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესს ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა.
- ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს. მან 4 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას იწვევენ თანამშრომლობისთვის დღის წესრიგით, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთობლივ განვითარებაზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
ფორუმი