სასამართლომ დააკმაყოფილა ცილისწამებაზე თეა წულუკიანის სარჩელი ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ

ფოტოკოლაჟი: ნანუკა ჟორჟოლიანი, თეა წულუკიანი (მარჯვნივ)

მოკლედ

  • კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი ორივე სასარჩელო მოთხოვნა.
  • თეა წულუკიანი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ამის შესახებ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და სარეზოლუციო ნაწილი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
  • წულუკიანის სარჩელი ეხებოდა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტს და მოითხოვდა ცილისწამებად მიჩნეულიყო ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ქეთევან კურცხალიას მიერ, დღეს 6 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი თეა წულუკიანი.

შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ადვოკატსაც, ნათელა თოფურიას, მადლობა გადაუხადა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში არ დასწრებიან ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ადვოკატი. თუმცა ესწრებოდა თეა წულუკიანის, ასევე მასთან ერთად მოსარჩელეების - წულუკიანის დედის, ძმისა და ძმისშვილის - ადვოკატი ნათელა თოფურია.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება: "მოსამართლემ ჩემი სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა".

"ორივე მოთხოვნაზე [გადაწყვეტილება] არის, რომ უარყოს, წაშალოს და გამოაქვეყნოს [საწინააღმდეგო] გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში… ბოდიშის მოხდა არ არის და ამოღებულია კანონიდან, მაგრამ წაშლა შეიძლება... წაშლა დაავალდებულა და უარყოფის გამოქვეყნებაც დაავალდებულა [სასამართლომ]", - ამბობს ადვოკატი ნათელა თოფურია.

მისი განმარტებით, ის, რაც ნანუკა ჟორჟოლიანმა თეა წულუკიანის მოსამართლე მამის შესახებ დაწერა 2025 წლის 12 აპრილის პოსტში "იყო არასწორად და იყო ცილისმწამებლურად და შეურაცხმყოფლად. ეს არ იყო აზრი, ეს ფაქტად მოუტანა საზოგადოებას ქალბატონმა ნანა ჟორჟოლიანმა, ნანუკამ. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კანონთან მიმართებაში მიიღო გადაწყვეტილება".

რას ითხოვდა წულუკიანი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელში

პირველი მოთხოვნა:

მოსარჩელე ითხოვდა ცილისწამებად მიჩნეულიყო ნანა ჟორჟოლიანის 2025 წლის 12 აპრილის პოსტიდან შემდეგი ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.

მეორე მოთხოვნა:

მოსარჩელე ითხოვდა ცილისწამებად ცნობილიყო შემდეგი ფრაზა იმავე პოსტიდან: „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“.

თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია.

ასევე ნახეთ თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის ცილისწამებისთვის

რას ამტკიცებდა ნანუკა ჟორჟოლიანის დაცვის მხარე

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატი ქეთევან ბახტაძე იცავდა, ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია და ახლა მოსამართლის დასაბუთებას და სარეზოლუციო ნაწილს მოელის.

თუმცა ახლაც იმეორებს და სასამართლოში საქმის განხილვის პაექრობის ეტაპზეც აცხადებდა, რომ ფრაზა „წულუკიანის მამამ დახვრიტა“ არის აზრი და ღირებულებითი მსჯელობა, რომელსაც გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი.

"ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, ცალსახად იმას, რომ ნანა ჟორჟოლიანს თვითონ არ გაუვრცელებია ეს ინფორმაცია, არამედ სხვა საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან მოიპოვა და დაამუშავა. ნანუკას არ აქვს წვდომა არც განაჩენებზე (იგულისხმება თეა წულუკიანის მამის მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის მიერ გამოტანილი განაჩენები რ.თ.) და არც საქმის მასალებზე... სასამართლოს ვთხოვეთ გამოეთხოვა განაჩენები და შეგვემოწმებინა ნამდვილად მიუსაჯა თუ არა დახვრეტა ავთანდილ წულუკიანმა ამ ადამიანებს, თუმცა სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „დახვრეტა“ არის საკანონმდებლო ტერმინი - 1963 წლის საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების სახით, მის სრულ გაუქმებამდე, დაიშვება სიკვდილით დასჯის - დახვრეტის - გამოყენება... და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას ასეთი ინტერპრეტაცია მისცეს რიგითმა მოქალაქემ", - ამბობს ქეთევან ბახტაძე.

რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას და თეა წულუკიანის განცხადებას, რომ იმ ხალხის ნახევარზე მეტი, ვინც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია: ნანუკა ჟორჟოლიანის ადვოკატს საპასუხოდ მოჰყავს ქრონოლოგია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში სიკვდილით დასჯის მუხლთან დაკავშირებით მოქმედებდა, რის გამოც შესაძლოა სიკვდილმისჯილთა მიმართ არ აღსრულებულიყო გამოტანილი განაჩენი და ეს ადამიანები მართლაც ცოცხლები იყვნენ.

  • 1992-1993 წლებში ქვეყანაში მოქმედებდა მორატორიუმი სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე, თუმცა სასამართლოები აგრძელებდნენ ამ სასჯელის დანიშვნას. 1994 წელს მთავრობამ შეწყვიტა მორატორიუმი და განაახლა სიკვდილით დასჯის აღსრულება
  • უკანასკნელი სიკვდილით დასჯა აღსრულდა 1995 წლის 14 თებერვალს, როდესაც შვიდი პირი დაისაჯა. 1994-1995 წლებში, საერთო ჯამში, სიკვდილით დასაჯეს თოთხმეტი პირი. ამის შემდგომ აღდგა დე იურე მორატორიუმი;
  • 1996 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს მიმართა მორატორიუმის შენარჩუნების თაობაზე. 1997 წლის 25 ივლისს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ორმოცდათოთხმეტ სიკვდილმისჯილს სასჯელი შეეცვალა ოცი წლით თავისუფლების აღკვეთით. საბოლოოდ, 1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა კანონის დონეზე გააუქმა სიკვდილით დასჯა.


ნანუკა ჟორჟოლიანის საპასუხო სარჩელი, რომელიც სასამართლომ არ მიიღო

თავდაპირველად, 2025 წლის ივლისში, როდესაც თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა, საქმეს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია განიხილავდა.

როგორც ჟორჟოლიანის ადვოკატი ქეთევან ბახტაძე ამბობს, „დავის არსი იქამდე დავიდა, რომ მოსარჩელები ითხოვდნენ ნანა ჟორჟოლიანის მხრიდან არა იმის უარყოფას, რომ ავთანდილ წულუკიანს ამ ადამიანებისთვის დახვრეტის განაჩენები არ გამოუტანია, არამედ იმას, რომ თავად არ გამოუკრავს სასხლეტისთვის ხელი“.

"ჩვენ შესაგებელი სარჩელიც წარვადგინეთ, ცილისწამების უსაფუძვლო სარჩელის გამო თანხის დაკისრების მოთხოვნით. სიმბოლურ თანხას ვითხოვდით - 1 ლარს. ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ მიიღო სასამართლომ", - ამბობს ქეთევან ბახტაძე, რომლის სიტყვებითაც, უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით, როგორც წესი, ასეთი სარჩელები ერთად განიხილება.

"ჩვენ იმაზე მივუთითებდით, რომ ნანა ჟორჟოლიანი ახალს არაფერს ამბობს. ეს არის საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებული სტატუსი და მისივე ინტერპრეტაცია, რომელიც სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლებში".

"სტრატეგიული სარჩელი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ"

იმის გამო, სხვადასხვა საჯარო რესურსში იძებნება მოსამართლე ავთანდილ წულუკიანის სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ ცნობები, თუმცა მათი ავტორების წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანიათ და პირველი სამიზნე ნანუკა ჟორჟოლიანი გახდა. ადვოკატი ამას უწოდებს "სტრატეგიულ სარჩელს გამოხატვის თავისუფლების და კონკრეტულად ნანა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ის იყო ამდენი წლის განმავლობაში სარჩელის ადრესატი".

ქეთევან ბახტაძის თქმით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ეცოდინება, თუ რა დააკისრა მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფს.

"მოთხოვნილია [სტატუსის] წაშლა. რისი უფლებაც კანონის მიხედვით, არ არსებობს. როგორც ბოდიშის მოხდის იძულება არის აკრძალული, ისე არის წაშლის მოთხოვნა სრულიად გაუგებარი. წაშლა რომ დაკმაყოფილებულიყო, ეს იქნებოდა ძალიან უჩვეულო. ამ სტანდარტით თუ იხელმძღვანელებს სასამართლო, მაშინ თავისუფლად შეეძლო ბოდიშის მოხდაც დაევალდებულებინა", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ქეთევან ბახტაძე.

მისი განმარტებით, შეიძლება მოთხოვნილი იყოს:

  • ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ;
  • დაუშვებელია მოპასუხის იძულება, მოიხადოს ბოდიში.


ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, ყველა ინსტანციაში და "შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში".

"აწი თუ გინდა ჰააგაში იჩივლე", - სწერს თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ფეისბუკის პოსტში.