ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ, AEMET-მა 7 თებერვალს გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქარიშხალი „მარტა“ თოვლს და მეტ წვიმას მოიტანდა.
ხელისუფლებამ ამინდის ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა, რომელიც მეორეა უმაღლესი, წითელი დონის მერე.
ესპანელი ფერმერების თანახმად, კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი ქარის შედეგად მინდვრები დატბორა და მათ მილიონობით ევროს ზარალი მიადგათ.
ამ დროს ესპანეთი და პორტუგალია უფრო ექსტრემალური ამინდისთვის ემზადებიან. პირინეის ნახევარკუნძულმა ბოლო კვირების განმავლობაში უკვე გადაიტანა რამდენიმე ქარიშხალი, ძლიერი წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი.
ანდალუსიის კადისის პროვინციის ფერმერთა ორგანიზაციის COAG-ის წარმომადგენელმა, მიგელ ანხელ პერესმა, ესპანეთის ტელევიზიით (TVE) განაცხადა, რომ „გაუჩერებლად წვიმს. ისეთი კულტურები, როგორებიცაა ბროკოლი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო, წყლით არის დაფარული. ათასობით ჰექტარი დატბორილია. ნამდვილი სტიქიური კატასტროფა გვაქვს“.
დატბორვამ ასევე გამოიწვია სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, მოსალოდნელია მეწყრული პროცესები.
მალაგაში, სერანია დე რონდას მთიანეთის რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებმა, რომლებიც ამ კვირაში ქარიშხალ “ლეონარდომ” დააზარალა, 7 თებერვალს განაცხადეს, რომ მიწა ბოლო დღეების განმავლობაში ირყეოდა.
ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს (CSIC) სპეციალისტები ჩავიდნენ რეგიონში სიტუაციის მონიტორინგის მიზნით.
ანდალუსიის კორდოვის პროვინციაში, მდინარე გვადალკვივირის მახლობლად მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი უბნის ევაკუაცია გამოაცხადეს პარასკევს, 6 თებერვალს წყლის დონის მკვეთრი მატების გამო.
ესპანეთის ვიცე-პრემიერ მარია ხესუს მონტეროს თანახმად, მდინარის წყალი უმაღლეს დონეს შაბათს ან კვირას მიაღწევს.
პორტუგალიაში, სადაც ძლიერმა წვიმებმა სამ ქალაქი აიძულა კვირისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ კვირამდე გადაედოთ, 26 500-ზე მეტი მაშველი მობილიზებულია სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.