„ქართული ოცნების“ მთავრობა საპრიზო ადგილების დაკავების შემთხვევაში ოლიმპიელებს მილიონამდე ლარს ჰპირდება

საქართველოს წარმომადგენლები ფიგურულ ციგურაობაში. მილანი. 6 თებერვალი, 2026 თებერვალი

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო იქნება მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის - 500 ათასი ლარი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის - 300 ათასი ლარი.

2026 წლის ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებში, საქართველო სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში, 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები პირველად ისტორიაში გუნდური ასპარეზობის ფინალშია.

8 თებერვალს ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში დასრულდება გუნდური ასპარეზობა. თავისუფალ პროგრამაში გამომუშავებული ქულებით გამოვლინდებიან მედალოსნებიც.

ყინულზე გავა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, ქალთა ერთეულებში თავისუფალ პროგრამას შეასრულებს ანასტასია გუბანოვა, ვაჟებში - ნიკა ეგაძე.

სწორედ მათ შედეგებზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები მედალოსნებს შორის.