პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, ოპერაციაში მონაწილეობდა კონტრტერორისტული დანაყოფიც

პოლონეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. დაკავების ოპერაციაში კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა. ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM-ი იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მედიასაშუალების მიერ 10 თებერვალს საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ოთხი მოქალაქე პოლიციამ ლოძის რაიონის ქალაქ ველუნში დააკავა კონტრტერორისტული ქვედანაყოფისა და მესაზღვრეების მონაწილეობით.

ოთხიდან ერთი ლიეტუვის მოთხოვნითაა დაკავებული.

RMF FM-ის თანახმად, მისი წყაროები პოლონეთის შესაბამის უწყებებში არ აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და ლიეტუვის მოთხოვნის მიზეზს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციაში კონტრტერორისტული ქვედანაყოფიც მონაწილეობდა, საქმე სერიოზულ დანაშაულს ეხება.

საქართველოს მოქალაქეები ვარშავის პოლიციამ დააკავა. სოციალურ ქსელ X-ში ვარშავის პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პოლიციელებმა დაადგინეს ევროკავშირის ტერიტორიაზე ძებნილი საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელი და ის დააკავეს კიდევ სამ თანამოქალაქესთან ერთად. ლოძის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციაში კონტრტერორისტული ქვედანაყოფის წარმომადგენელთა მონაწილეობას ვარშავის პოლიცია „არსებული საფრთხით“ ხსნის. რა ბრლდებით იძებნებოდა ევროკავშირის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე, პოლიცია არ აკონკრეტებს.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.