შორენა შავერდაშვილი COMCOM-ის მედიააკადემიიდან გაათავისუფლეს

შორენა შავერდაშვილი

ჟურნალისტი შორენა შავერდაშვილი კომუნიკაციების კომისიის „მედიააკადემიის“ ხელმძღვანელი აღარ არის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა კომისიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ.

ცვლილებები ჯერ არ არის ასახული საჯარო რეესტრში. იმავე დოკუმენტებში გამოჩნდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობაც, რომლის შესახებაც გოგა გულორდავამ არ ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებაა, არაფერი განსაკუთრებული. მარტო შორენა შავერდაშვილს კი არა, შეიძლება სხვა ბევრ ადამიანს შეეხო. ბუნებრივი პროცესია, ვერც თქვენ და ვერც მე ვიქნები მუდმივად ერთსა და იმავე თანამდებობაზე... შეიძლება გადაადგილებებიც მოხდეს“.

ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კომუნიკაციების კომისიის წევრად აირჩიეს

„მედიააკადემიაში“ მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას წყარომ მიაწოდა. ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ თავად შორენა შავერდაშვილთანაც, რომელმაც საუბარი არ ისურვა:

„ამ თემაზე უნდა დაუკავშირდეთ კომისიის PR-ს. არ ვაკეთებ კომენტარს ამ თემაზე“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საკადრო ცვლილებები შეეხება 10-მდე ადამიანს. მათ შორის შეიძლება იყოს ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანი გიორგი ფუტკარაძეც, რომელიც ახლა მედიასკოლის ხელმძღვანელია. შორენა შავერდაშვილის მსგავსად, არც გიორგი ფუტკარაძემ არ ისურვა საუბარი.

„ეს პროცესი მიმდინარეა, ჯერ დასრულებული არ არის. წინსწრებით არ იქნება საუბარი მიზანშეწონილი... ჯერჯერობით [გიორგი ფუტკარაძესთან] თანამშრომლობა გრძელდება. ახლა კურსი უნდა მიეღო. უნდა ჩაამთავროს ის ვადა, რა ვადაშიც სასწავლო კურსი უნდა დასრულდეს“, - უთხრა გულორდავამ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

„მედიააკადემია“ 2018 წელს დაარსდა. პირველ ეტაპზე მისი ხელმძღვანელი იყო რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ყოფილი უფროსი დავით კაკაბაძე. ის 2021 წლის 1 სექტემბრიდან შორენა შავერდაშვილმა შეცვალა.

ორგანიზაცია კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. საჯაროდ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს მისი ხარჯი 2 330 482 ლარი იყო.

„მედიის განვითარების ფონდი“ 2024 წელს დააკვირდა „მედიააკადემიის“ ერთ-ერთი პროექტის - „მედიაკრიტიკის“ - მუშაობას და აღმოაჩინა, რომ „2023 წლის მარტიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში ყველაზე დიდ დროს კვლავ იმ მედია საშუალებების კრიტიკას უთმობდა, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სარედაქციო პოზიციას ატარებენ“.