რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი აცხადებს, რომ ექვსი ბავშვი რუსეთსა და უკრაინაში ოჯახებს დაუბრუნდება - ის მადლობას უხდის მელანია ტრამპს

უკრაინელი ბავშვები კიევის მახლობლად მდებარე დასახლებაში ჩამოვარდნილი რაკეტის კრატერთან. 26 იანვარი, 2023.

რუსეთის ბავშვთა უფლებების საკითხებში საპრეზიდენტო კომისარმა, მარია ლვოვა-ბელოვამ, 12 თებერვალს განაცხადა, რომ კიდევ ექვსი ბავშვი რუსეთსა და უკრაინაში მათ ოჯახებს დაუბრუნდება და ამის გამო მან აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპის მიმართ გამოხატა მადლიერება.

ცნობას მოსკოვიდან ავრცელებს Reuters-ის სააგენტო.

მარია ლვოვა-ბელოვამ დასძინა, რომ ერთი ბავშვი რუსეთში დაბრუნდება, ხოლო ხუთი ბავშვი უკრაინაში დაუბრუნდება ოჯახებს.

აშშ-ის პირველმა ლედიმ გასული წლის აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა ომის შედეგად ოჯახებისგან გამოყოფილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობის შესახებ.

უკრაინა რუსეთს ათასობით ბავშვის გატაცებაში ადანაშაულებს, რასაც მოსკოვი უარყოფს.

ასევე ნახეთ რუსეთმა 20 ათასი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა, მაგრამ რეალური რიცხვი უფრო მეტია - ზელენსკი



ლვოვა-ბელოვამ Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაში გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა მელანია ტრამპს „ურყევი ერთგულებისა და ბავშვების ოჯახებთან გაერთიანებაში აქტიური მონაწილეობისთვის“.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.

სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.

ასევე ნახეთ აშშ-მ დაფინანსება შეუწყვიტა ორგანიზაციას, რომელიც რუსების მიერ მოტაცებულ უკრაინელ ბავშვებს ეძებდა