ევროპარლამენტმა ევროკომისიას სასამართლოში უჩივლა მას შემდეგ, რაც მან 2023 წლის დეკემბერში თანხებზე აკრძალვა გააუქმა და ევროკომისია დაადანაშაულა იმაში, რომ ის დაემორჩილა ზეწოლას პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მხრიდან, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის მცდელობებს ბლოკავდა.
პარლამენტმა განაცხადა, რომ უნგრეთმა ვერ დააკმაყოფილა კანონის უზენაესობის ნორმები, რომელიც კომისიამ დაადგინა იმისთვის, რომ თანხების გამოყოფა გაემართლებინა.
ევროკავშირის სასამართლოში თავისი პოზიციის გამოთქმისას, გენერალურმა ადვოკატმა ტამარა კაპეტამ პარლამენტის მხარე დაიკავა და განაცხადა, რომ სასამართლომ უნდა „გააუქმოს კომისიის სადავო გადაწყვეტილება“, რომელიც „ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“ იქნა მიღებული.
„კომისიას შეუძლია არ გამოუყოს ევროკავშირის სახსრები წევრ-სახელმწიფოს, სანამ საჭირო საკანონმდებლო რეფორმები არ ამოქმედდება და ეფექტიანად არ განხორციელდება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ასეთ მოსაზრებებს იურიდიული ძალა არ აქვთ, მაგრამ ხშირად განსაზღვრავს სასამართლოს გადაწყვეტილების ხასიათს. სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო თვეებში უნდა გამოქვეყნდეს. ამ დროს უნგრეთი ემზადება აპრილის არჩევნებისთვის, რომელშიც ორბანი, გამოკითხვების მიხედვით, არ ლიდერობს.
კომისიამ, რომელსაც AFP-ი დაუკავშირდა, განაცხადა, რომ „მხედველობაში იღებს“ ამ მოსაზრებას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ გატარებული რეფორმების „საფუძვლიან შეფასებას“ ემყარება.
ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა შედეგები მოჰყვება ამას უნგრეთისთვის, თუ სასამართლოც იმავე მოსაზრებით იხელმძღვანელებს.
თუმცა, ევროკავშირის კანონმდებელმა მწვანეთა პარტიიდან, დანიელ ფროინდმა ამას „კანონის უზენაესობისთვის კარგი დღე“ უწოდა და ის მოელის, რომ თუ სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გააუქმებს, ეს ორბანისთვის „ფინანსური კატასტროფა“ იქნება.
უნგრეთში, პრემიერმინისტრის მრჩეველმა ბალაჩ ორბანმა ბრიუსელი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისადმი მისი მუდმივი წინააღმდეგობის გამო უნგრეთის „სამართლებრივი ინსტრუმენტებით შანტაჟის მცდელობაში“ დაადანაშაულა.
ევროკომისიამ თანხების განბლოკვა მნიშვნელოვანი სამიტის წინა დღეს გამოაცხადა. სამიტზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინის წევრობის შესახებ, რომლის დაბლოკვითაც იმუქრებოდა ორბანი.
საბოლოოდ, ორბანმა ევროკავშირს კიევთან მოლაპარაკებების დაწყების დამტკიცების ნებართვა მისცა.
კომისიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო იმით, რომ ბუდაპეშტი ნაბიჯებს დგამს უნგრელი მოსამართლეების დამოუკიდებლობის აღდგენისკენ - ეს ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლებიც წამოჭრილია, როგორც დემოკრატიისგან ჩამორჩენის მაგალითი.
ბრიუსელს ევროკავშირის ფონდებიდან უნგრეთისთვის გამოყოფილი კიდევ 18 მილიარდი ევრო აქვს გაყინული, სანამ სხვა პრობლემები, მათ შორის კორუფცია და ლგბტქ-თემის უფლებების შეზღუდვა, არ მოგვარდება.
ევროკავშირმა 10 მილიარდ ევროს შეცდომით მოუხსნა გაყინვა და უნგრეთს გადაურიცხა - აცხადებს სასამართლოს მთავარი მრჩეველი
უნგრეთს ევროკავშირის ფონდიდან არ უნდა მიეღო 10 მილიარდი ევრო, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაიყინა, განაცხადა 12 თებერვალს ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს იურიდიულმა მრჩეველმა და 2023 წლის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოწოდებით გამოვიდა.