ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს - ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს. სომხეთში იხსნება ესტონეთის საელჩოც.

ესტონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ესტონეთის მთავრობას საქართველოში გამოგზავნილი ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარმი, რომელიც 2024 წლიდან მუშაობდა ამ პოზიციაზე, სომხეთში გადაჰყავს.

იგი 10 მარტიდან წყვეტს საქართველოში ელჩად მუშაობას და გადავა სომხეთში - სადაც დაგეგმილია ესტონეთის საელჩოს გახსნა. საქართველოში ესტონეთის დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს საქმეთა დროებითი რწმუნებული (Chargé D'affaires).

ეს ინფორმაცია 13 თებერვალს გაავრცელა ესტონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა (Eesti Rahvusringhääling, ERR-მა).

ამავე წყაროს თანახმად, ცვლილება განპირობებულია ესტონეთისა და საქართველოს მთავრობას შორის „ურთიერთობების გაციებითა“ და „სომხეთთან კონტაქტების გააქტიურებით“.

ესტონეთმა და საქართველომ საელჩოები შესაბამისად 2006 და 2007 წლებში გახსნეს. ამჟამად საქართველოს ესტონეთში ელჩი არ ჰყავს.

მარგე მარდისალუ-კაჰარმი, სომხეთში მუშაობის დაწყების შემდეგ, გახდება ესტონეთის პირველი ელჩი, რომელიც პერმანენტულად იმუშავებს ერევნიდან, - განუცხადეს გამოცემას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ დრომდე ესტონეთი სომხეთის საკითხებს საქართველოში მდებარე საელჩოდან ფარავდა.

მარტიდან ესტონეთი სომხეთში საელჩოს გახსნასაც გეგმავს.

ასევე ნახეთ მარკო მიჰკელსონი: საჭიროა, გვესმოდეს - რა დევს ახლა სასწორზე საქართველოში
  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, ევროინტეგრაციაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებისა და შემდგომი დემონსტრაციების დარბევის შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ათეულ მაღალჩინოსანს დაუწესა სავიზო სანქციები.
  • „ძალადობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და დისპროპორციულ სასჯელს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს. ესტონეთი კვლავ დგას ქართული სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ქართველი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისა და ევროპული მომავლისთვის“, - ასეთია ტალინის პოზიცია.
ასევე ნახეთ ესტონეთმა კიდევ 19 ქართველს დაუწესა სანქციები - მათ შორის არიან დეპუტატები და მოსამართლეები
  • თბილისი, თავის მხრივ, ესტონეთს ადანაშაულებს „ქართველი ხალხისა და მთავრობის დაუკითხავად პოლიტიკაში ფულის ჩადინებაში“ - მას შემდეგ, რაც მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ორგანიზაცია ესტონეთში დარეგისტრირდა.
  • „დღეს არის უსამართლობის და ყოველგვარი სიბინძურის კადრების სრული პიკი, თეთრზე პირდაპირ გვიმტკიცებენ, რომ შავია და აქვთ მცდელობა თვალებში ნაცრის შეყრის“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის სავიზო შეზღუდვებს 2024 წელს.

ERR ციტირებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტს, სადაც წერია, რომ ესტონეთი დიდი ხანია ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა „ქართული ინსტიტუტების მხარდაჭერა აღარ წარმოადგენს ესტონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს.“

ამის მიზეზად კი დასახელებულია ის, რასაც ესტონეთი უწოდებს „საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიისგან სისტემატურ დისტანცირებას, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის დადგენილი პირობების შეუსრულებლობას“.

ERR-ის თანახმადვე, „ესტონეთი ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას“.