„ფასები გვახრჩობს“ - თბილისში იმართება შაბათის საპროტესტო მარში

შაბათის მარშის მონაწილეები

14 თებერვალს, თბილისში, უწყვეტად მიმდინარე პროევროპული აქციების 444-ე დღეს, შაბათის ტრადიციული მარში ისევ იმართება.

საპროტესტო მსვლელობის გზავნილი ამჯერად არის „ფასები გვახრჩობს“.

მსვლელობის მონაწილეებს დღეს შეუერთდნენ ირანის საელჩოსთან გამართული აქციის მონაწილე საქართველოში მცხოვრები ირანელებიც და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც, რომლებიც განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

შაბათის მარშის მონაწილეები

„ხალხი დღეს საქართველოში არ ცხოვრობს - გადარჩენას ცდილობს. ფასები იზრდება ყველაფერზე: საკვებზე, წამლებზე, ტრანსპორტზე, კომუნალურ გასახადებზე, საცხოვრებელზე. ხელისუფლება ყველაფერს „ბიზნესს“ აბრალებს, მაგრამ როცა მთავრობა თვითონ გვიყოფს ხელს ჯიბეში ეს უკვე ხალხის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკაა... როცა ტრანსპორტი ძვირდება, როცა პასპორტი და პირადობა 100%-ით ძვირდება, როცა ერთი ჯარიმა მთელი თვის ბიუჯეტს გართმევს — ეს აღარ არის ეკონომიკა, ეს არის სისტემური ძარცვა“ - ასეთია მარშის მონაწილეების პოზიცია ქვეყანაში მომატებულ ფასებზე.

შაბათის მარშის მონაწილეები საპროტესტო შეძახილებით, ტრადიციულად ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მიემართებიან.

შაბათის მარშების თემები განსხვავებულია - თავდაპირველად, მისი მონაწილეები მოითხოვდნენ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დაწყებულიყო საერთაშორისო გამოძიებაც იმის გასარკევვად, თუ რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2024 წლის პროევროპული დემონსტრაციების დაშლის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

შემდეგ იყო ლოზუნგი "დაიცავი განათლება", რომელსაც წინ უსწრებდა “ქართული ოცნების” მორიგი ინიციატივა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შერწყმის შესახებ - რასაც ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც ამ ორ უნივერსიტეტში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში. რასაც მალე მოჰყვა ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამების 92%-ით შემცირების შესახებ.