ვაშინგტონისთვის სადავო არ არის ევროპელების დასკვნა ნავალნის მოწამვლის შესახებ

რუსეთის ხელისუფლებამ 2024 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებს ეჭვი არ ეპარება ევროპის ხუთი სახელმწიფოს დასკვნაში, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ეპიბატიდინით მოწამლეს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ევროპელების დასკვნას შემაშფოთებელი უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის ეს დასკვნა სადავო არ არის.

დღეს, 16 თებერვალს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ კოლონიაში მყოფი ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადა.

  • 2026 წლის 14 თებერვალს დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, ციხეში ნავალნის სიკვდილის მიზეზი დიდი ალბათობით იყო ეპიბატიდინით მოწამვლა.
  • ამ შხამს სამხრეთამერიკული ბაყაყის კანიდან იღებენ. მისი სინთეზირება ხელოვნურადაც შესაძლებელია.
  • ევროპის სახელმწიფოთა დასკვნა ეფუძნება მათ ლაბორატორიებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩატარებულ კვლევას, რომლისთვისაც გამოყენებული იყო ალექსეი ნავალნის ბიოლოგიური მასალები.

რუსეთში ევროპელების დასკვნას ტყუილი უწოდეს. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყებოდა, რომ აშშ ამ დასკვნას გაემიჯნა.

სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ევროპის ხუთი სახელმწიფოს დასკვნაზე ჟურნალისტებმა 15 თებერვალს ჰკითხეს ბრატისლავაში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუბიომ თქვა, რომ მათთვის დასკვნა სადავო არ არის და განმარტა, რომ აშშ ევროპელების განცხადებას არ შეუერთდა, რადგან კვლევა ამერიკელების ინიციატივით არ ჩატარებულა.

ასევე ნახეთ „პუტინმა თავად დაავიწროვა ეჭვმიტანილთა წრე საკუთარ თავამდე“ - The Insider-ის რედაქტორი ნავალნის მოწამვლაზე

ნავალნის ქვრივმა იულიამ ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უცხოეთის ორი ქვეყნის ლაბორატორიებიდან მიღებული პასუხებით, ალექსეი ნავალნი მოწამლეს.

იულია ნავალნაიას მაშინ დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში, როცა ალექსეი ნავალნი კოლონიაში იმყოფებოდა, შეძლეს მისი ბიოლოგიური მასალების ნიმუშების მიღება და საიმედო საშუალებებით უცხოეთში გაგზავნა.

ალექსეი ნავალნი რომ შესაძლოა, კოლონიაში მოწამლეს, ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში წერდა დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ი.

  • „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებითაც, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.
  • ალექსეი ნავალნი, თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის კოლონიაში.
  • რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 2024 წლის 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.
  • ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით".
  • ალექსეი ნავალნი თავს უწოდებდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმარს. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
ასევე ნახეთ როგორ კლავდნენ ნავალნის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 15 თებერვალს საღამოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხს განუცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ალექსეი ნავალნის „თითქოსდა მოწამვლით” ცდილობენ გადაფარონ „ეპსტინის ფაილებით დასვრილი საინფორმაციო დღის წესრიგი”.

ზახაროვა გულისხმობდა ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის საქმის მასალებს, რომლებიც შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა. ამ დოკუმენტების მიხედვით, პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულ ეპსტინს პირადი და საქმიანი კავშირები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთანაც.

ასევე ნახეთ „ეპსტინის დოსიე“: რუსი ოლიგარქები, ნასტია რიბკა, ლავროვი და პუტინის საიდუმლო შეხვედრა