Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუტინმა თავად დაავიწროვა ეჭვმიტანილთა წრე საკუთარ თავამდე“ - The Insider-ის რედაქტორი ნავალნის მოწამვლაზე

საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების დღეს.ნიუ-იორკი, 2024 წლის 16 თებერვალი.
საპროტესტო აქცია რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების დღეს.ნიუ-იორკი, 2024 წლის 16 თებერვალი.

ალექსეი ნავალნი მოწამლეს ეპიბატიდინით - ეკვადორული შხამიანი ხის ბაყაყის შხამით, რაც დაადასტურა ხუთმა ევროპულმა ლაბორატორიამ.

14 თებერვალს დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნის ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზის საფუძველზე, ამ ქვეყნებში მდებარე ხუთმა ქიმიურმა ლაბორატორიამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაასკვნა: რუსეთის ოპოზიციის ლიდერი მოკლულია შხამით, რომლის მიღებაც შესაძლებელია სამხრეთ ამერიკის შხამიანი ხის ბაყაყის კანისგან.

„ეპიბატიდინი — ეს არის ტოქსინი, რომელიც სამხრეთ ამერიკის შხამიან ხის ბაყაყებში გვხვდება, — ნათქვამია ხუთი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში. — რუსეთში ის ბუნებრივად არ გვხვდება. რუსეთი ამტკიცებდა, რომ ნავალნი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და დაფიქსირებული სიმპტომების გათვალისწინებით, მისი სიკვდილის სავარაუდო მიზეზი მოწამვლაა. ნავალნი გარდაიცვალა პატიმრობაში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა მისთვის ეს შხამი შეეყვანა“.

სპეციალისტების ამ დასკვნების შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა გამოცემა The Insider-მა, რომლის მთავარმა რედაქტორმა რომან დობროხოტოვმა უპასუხა რადიო თავისუფლების დაფუძნებული The CurrentTimes-ის კითხვებს.

- თქვენმა გამოცემამ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის მოწამვლა ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ დაადასტურა. რას გვეტყვით ამ გამოძიების მიმდინარეობაზე?

— უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რომ ჩვენ პირველებმა შევატყობინეთ ეს ამბავი, არამედ ის, რომ ორი წლის წინ უკვე გამოვაქვეყნეთ გამოძიება, სადაც ვამტკიცებდით, რომ ალექსეი ნავალნი სწორედ ციხეში მოწამლეს, და ამ დასკვნის გაკეთებისას სხვა მონაცემებზე — კერძოდ, საგამოძიებო მასალებზე — ვეყრდნობოდით. დოკუმენტებიდან, რომლებიც ჩვენს ხელში აღმოჩნდა, ჩანდა, რომ ნავალნის ოჯახისადმი ოფიციალური პასუხის გამოქვეყნებამდე მზადდებოდა შავი ვერსიები, სადაც უფრო დეტალურად იყო აღწერილი, რა ხდებოდა ნავალნის სიცოცხლის ბოლო წუთებში. იქ მითითებული იყო სიმპტომები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას საერთოდ არ შეესაბამებოდა — მუცლის ტკივილი, ღებინება, კრუნჩხვები და ამის შემდეგ უეცარი სიკვდილი. ეს ყველაფერი პირდაპირ მოწამვლაზე მიუთითებდა. დღეს კი შეგვიძლია შევადაროთ ის სიმპტომები, რომლებიც ორი წლის წინ გამოვაქვეყნეთ, იმ სიმპტომებს, რასაც კონკრეტულად ეს შხამი — ეპიბატიდინი — იწვევს, სრული დამთხვევაა. ასე რომ, ახლა უკვე არა უბრალოდ მტკიცებულება, არამედ ორმაგი მტკიცებულება გვაქვს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ეს მნიშვნელოვანია კიდევ იმიტომაც, რომ ყველა ცნობილი წინა მოწამვლაც, შესაძლოა, გადახედვას საჭიროებდეს. მაგალითად, ნიკიტა ისაევის მოწამვლა, რომელიც მატარებელში მოკლეს იმავე ადამიანებმა, რომლებმაც ნავალნი მოწამლეს. სიმპტომებიც ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. ახლა ცოტა მეტი მონაცემი გვაქვს და ამას გამოვიყენებთ.

- რაც შეეხება ნავალნის 2020 წლის მოწამვლას, არსებობს თუ არა საფუძველი ეჭვისთვის, რომ ეს „ნოვიჩოკი“ არ იყო?

- არა, იმ შემთხვევაში „ნოვიჩოკი“ ბოთლზე აღმოჩენილი კვალის სახით დაფიქსირდა, ასე რომ, ზუსტად ვიცით, რომ ნოვიჩოკი იყო გამოყენებული. უბრალოდ ცნობილია, რომ იმავე ინსტიტუტმა — ГосНИИОХТ-მა, რომელმაც „ნოვიჩოკი“ შექმნა, ბაყაყის ეს შხამიც შეისწავლა. 2013 წელს გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატია (რომელიც რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ჟურნალისტმა სერგეი დობრინინმა აღმოაჩინა), სადაც ნათქვამია, რომ მათ ამ შხამის სინთეზირებაც შეძლეს. ანუ მათ სასიკვდილო შხამების საკმაოდ ფართო პალიტრა აქვთ. ეს ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც სხვადასხვა საშუალებებს სხვადასხვა ადამიანებზე ცდიდნენ. ახლა კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათი შესაძლებლობები იმაზე ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ადრე გვეგონა.

- რაც შეეხება შემსრულებლებს, ხუთი ქვეყნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნის მოწამვლის შესაძლებლობა მხოლოდ სპეცსამსახურებს ჰქონდათ. უფრო ახლოს თუ მივედით პასუხთან, ვინ იყო ეს?

- ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინმა თავად შეამცირა ეჭვმიტანილთა წრე საკუთარ თავამდე, რადგან ცხადია, რომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სახელმწიფოს წარმომადგენლების გარდა, საკანში ვერავინ მოხვდება. და უბრალოდ ასე, საკუთარი ინიციატივით, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი ვერასდროს გაბედავდა მსგავს რამეს — ეს აშკარაა. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ზემოდან ბრძანებით. პოლიტიკურ საქმეებში პუტინის თანხმობის გარეშე მოწამვლები რომ არ ხდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ თუ ეს ხდებოდა, პირობითად, ქუჩაში, რესტორანში ან ტრანსპორტში — როგორც ეს იყო ვლადიმირ კარა-მურზას, დმიტრი ბიკოვის ან იმავე ნიკიტა ისაევის შემთხვევებში — ყოველთვის შეიძლებოდა გაჩენილიყო კონსპიროლოგიური ვერსიები, თითქოს ვიღაც პუტინს უწყობდა პროვოკაციას. აქ კი ასეთი ვერსიები სრულიად გამორიცხულია. წარმოვიდგინოთ, რომ სასჯელაღსრულების სამსახურის რომელიმე „შეშლილმა“ თანამშრომელმა, ვთქვათ, დასავლური დაზვერვის დაკვეთით რამე გააკეთა. იმის გათვალისწინებით, რომ კოლონიებში ყველაფერი კამერებით არის სავსე და ყველაფერი სრულად კონტროლდება, კრემლი ამ პირობით „ცე-ერ-უს თანამშრომელს“ პირველივე დღეს გამოავლენდა. უკვე რამდენიმე წელია გასული და გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ნავალნის გული ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაუჩერდა. ჩემი აზრით, ისინი საკუთარ ბრალეულობას არც კი მალავენ. ეს არის დაშინების ერთ-ერთი ელემენტი სერიიდან - „დიახაც, ყველამ იცოდეს, ჩვენთვის სულ ერთია“. ირანიც ასე იქცევა ახლა, როდესაც მომიტინგეებს ხვრეტს. ეს შესაძლოა ნაკლებად ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ აშკარად მსგავსი ტიპის ანგარიშსწორებაა.

- თქვენთვის თუ არის გასაგები, რატომ გამოქვეყნდა ამ კვლევის შედეგები სწორედ ახლა? რატომ დასჭირდა ამას ორი წელი?

- დიახ, სრულიად გასაგებია. ვფიქრობ, ალექსეის სიკვდილიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში უკვე არსებობდა პირველი შედეგები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საჭირო იყო მრავალი ქვეყნისა და მრავალი ლაბორატორიის მხრიდან დამოუკიდებელი დადასტურება. „ნოვიჩოკის“ შემთხვევაშიც ასე იყო: თუ გახსოვთ, ნავალნის მოწამვლის შემდეგ სამი ქვეყანა და სამი დამოუკიდებელი ლაბორატორია გამოვიდა და თქვა — „დიახ, ვადასტურებთ, რომ ეს „ნოვიჩოკია““. ამ შემთხვევაში კი ლაბორატორიები არა სამი, არამედ ხუთია. თანაც ეს უფრო რთული იყო, რადგან „ნოვიჩოკი“ შედარებით უფრო შესწავლილი ნივთიერებაა და ბევრ ლაბორატორიას შეუძლია მისი აღმოჩენა. ახლანდელი შხამი კი გაცილებით იშვიათია, ამიტომ მისი დადასტურება უფრო რთული იყო. ახლა კი შეიქმნა შესაფერისი მომენტი, როცა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთ კონფერენციაზე შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადების გაკეთება შეძლეს. ვფიქრობ, ეს გონივრული მიდგომაა: ჯობს ცოტა მოიცადო, მაგრამ ისეთი არგუმენტები წარმოადგინო, რომ ვერც მარია ზახაროვა და ვერც მარგარიტა სიმონიანი ვერაფერს დაუპირისპირებენ.

- რა არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვეს და გაიტანეს რუსეთიდან ნავალნის ბიოლოგიური ნიმუშები?

- რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ დეტალები არ ვრცელდება, რათა პროცესში ჩართული ადამიანები დაცულები იყვნენ. ვიცით, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ხელს უშლიდა ექიმებსა და ნათესავებს ნიმუშებზე, ბიომასალებზე ნორმალური წვდომის მიღებაში და დევნიდა მათ, ვინც კანონიერად ცდილობდა ანალიზების გაკეთებას. ამიტომ აშკარაა, რომ ახლა რუსეთის უსაფრთხოების სამსახური თავად ჩაატარებს გამოძიებას, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ. რატომ უნდა დავეხმაროთ მათ და რატომ უნდა გავამჟღავნოთ დეტალები?

- როდესაც ვსაუბრობთ ნიმუშებზე, კონკრეტულად რა ნიმუშებზეა საუბარი? როგორ შეიძლება ასეთი რამ დადგინდეს და რამდენ ხანს რჩება შხამი ორგანიზმში?

- ამ შემთხვევაში თითქმის ნებისმიერი ბიომასალა გამოდგება, რადგან ეს შხამი ძალიან ცუდად მეტაბოლიზდება, ანუ ორგანიზმში ძალიან დიდხანს რჩება - განსხვავებით, სხვათა შორის, „ნოვიჩოკისა“ და მრავალი სხვა ნივთიერებისგან. „ნოვიჩოკის“ შემთხვევაში, როგორც გახსოვთ, ნავალნი სპეციალურად რამდენიმე დღე არ გაუშვეს საზღვარგარეთ, იმ იმედით, რომ შხამი მეტაბოლიზდებოდა. თუმცა ის ბოთლზე დარჩა, ასე რომ, ამან არ უშველათ. აქ კი დრო საკმარისი იყო მისი აღმოჩენისთვის. როგორც ჩანს, გათვლა იმაზეც იყო, რომ ბიომასალების რუსეთიდან გატანა და მისი საზღვარგარეთ გამოკვლევა არ მოხდებოდა, ხოლო თუ ვინმე მაინც გაიტანდა, ვერ მოიძებნებოდა საკმარისად კომპეტენტური ლაბორატორია, რომელიც ამ შხამს აღმოაჩენდა. ასეთი სცენარი მართლაც შესაძლებელი იყო. ასე რომ, გარკვეულწილად გაგვიმართლა, რომ მოიძებნნენ მეცნიერები და ლაბორატორიები საკმარისი გამოცდილებითა და ექსპერტიზით, რომლებმაც შეძლეს ამ შხამის აღმოჩენა.

- თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა დღევანდელ განცხადებებს რაიმე შედეგი მოჰყვეს რუსეთისთვის და პირადად ვლადიმირ პუტინისთვის?

- რეჟიმის შეცვლის შემდეგ შედეგები აუცილებლად დადგება ყველასთვის. მაგრამ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ახლა ხდება, მნიშვნელოვანია, რომ კვალის დაფარვის კრემლის მცდელობები იშლება მაშინ, როცა გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, როცა მრავალი ქვეყანა ერთვება და დანაშაული ოფიციალური დოკუმენტებითა და უმაღლეს დონეზე გაკეთებული განცხადებებით დასტურდება. ძალიან რთული იქნება ამ ყველაფერს დაუპირისპირო სიმონიანის, ზახაროვას ან სოლოვიოვის განცხადებები და ფანტასმაგორიული ვერსიები. შესაძლოა საკუთარი აუდიტორია რაღაცაში დაარწმუნონ, მაგრამ ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის ის, რაც დღეს ხუთმა ქვეყანამ განაცხადა, საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს და არ მგონია, კრემლს ამის საპირწონე რამე ჰქონდეს. თავად ის ფაქტი, რომ ხუთი ცივილიზებული სახელმწიფო პირდაპირ ადანაშაულებს ვლადიმირ პუტინს თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობაში, ძალიან სერიოზული ბრალდებაა. მიჭირს თქმა, რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ დიპლომატიური და პოლიტიკური შედეგები მაინც იქნება. ამის შემდეგ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევა და მასთან „ჩვეულ რეჟიმში“ ბიზნესის გაგრძელება პოლიტიკურად ბევრად უფრო პრობლემური გახდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG