შესაძლოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს - ომბუდსმენი ახალ შემზღუდავ ნორმებზე

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა „წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან“, - აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი ამჟამად პარლამენტში განხილულ კანონპროექტებზე.

ომბუდსმენი ასე აფასებს შვიდ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებსაც ამჟამად განიხილავენ საკანონმდებლო ორგანოში. მათ შორისაა ცვლილებები

  • კანონში გრანტების შესახებ;
  • სისხლის სამართლის კოდექსში;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში;
  • კანონში პარტიების შესახებ.

„სახალხო დამცველის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე საქართველოს კონსტიტუციასთან და შექმნას დაწესებული შეზღუდვების ზედმეტად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა“.

ასევე ნახეთ „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე

ომბუდსმენის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი:

  • „შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და
  • შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“.

„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების კანონში“ დაანონსებულ და პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს ორშაბათს, 16 თებერვალს, დაუმატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რითაც „ხელისუფლების სისტემურ არაღიარებას“ პატიმრობით დასჯის.

გარდა ამისა, „ხელისუფლების არაღიარება“ ემატება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევ „დამამძიმებელ გარემოებებს“.

შედეგად, ამა თუ იმ მუხლისთვის გათვალისწინებულ საპატიმრო წლებს კიდევ ერთი წელი დაემატება.

ცვლილებები 16 თებერვალს წარადგინეს პარლამენტის სასახლეში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ცვლილებათა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას და დაამტკიცეს ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ 3 წლამდე პატიმრობა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის“ და „დამამძიმებელი გარემოება“ - „ოცნებამ“ მორიგი შეზღუდვები წარადგინა