სამშაბათს, 17 თებერვალს, იყო ბიზნესმენი ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის მორიგი სასამართლო სხდომა. მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
ჯოხაძესა და მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს - ოთხი თვით ადრე მანამ, სანამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დაადანაშაულებდნენ ამავე საქმეში. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. გიორგი მიქაძე „წინასწარ პატიმრობაშია“.
ასევე ნახეთ ჯანგველაძის საქმე: წივწივაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს - გამოძიების ვერსიით, „ქურდის“ ძმა მისი იარაღით მოკლესსასამართლოს ეზოსა და შენობაში დღეს დილიდან იყო პოლიცია მობილიზებული - მხარეთა მხარდამჭერების დიდი რაოდენობის პარალელურად.
დაპირისპირება სასამართლო სხდომაზე შესვენების გამოცხადებისა და შენობიდან მათი გამოსვლისას მოხდა. იყო გინებაც.
ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთი მხრივ, ჯანგველაძის ოჯახის, მეორე მხრივ, მიქაძეების მხარდამჭერები.
„ტვ პირველი“ იუწყება, რომ მისი კორესპონდენტის ცნობით, ჩხუბში ჩაერია პოლიციაც, თუმცა არავინ დაუკავებიათ და დაპირისპირებული მხარეები ტერიტორიას გაარიდეს.
ტელევიზიის ცნობითვე, ერთი პირი „დაშავდა“ და სახის არეში აქვს დაზიანება.
დამსწრეების მიერ ეზოს დატოვებისას მათი მასიდან არაერთგზის ისმის ხმამაღალი გინება და უწმაწური სიტყვები პატიმრობაში მყოფი გიორგი მიქაძის მისამართით.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს კითხვით, დაიწყეს თუ არა ინციდენტის გამოძიება. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
ინციდენტისას სასამართლოს ეზოში ასევე იყვნენ პროევროპული აქციების მონაწილეები და მათი მხარდამჭერები, რომლებმაც პოლიციელებს რეაგირებისკენ მოუწოდეს.
„თქვენ მარტო რუსთაველზე ძალადობთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე?“ - დაუძახა ეზოში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ პოლიციელებს.
„ტვ პირველის“ ცნობით, ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
- გიორგი მიქაძე მოთავსებულია რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. სოციალურ მედიაში დროდადრო ვრცელდება ვიდეომასალა, რომელშიც ისმის, როგორ აგინებენ მიქაძეს სხვა პატიმრები;
- პროკურატურის ვერსიით, ციხეში გადაყვანის შემდეგ მიქაძის „შევიწროება“ „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლების „გადაწყვეტილებითა და დავალებით“ დაიწყო.