შსს ბოლო 2 დღეში 97 პირის დაკავებაზე იუწყება „ნარკოდანაშაულის“ და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით

გარეკანის ფოტოზე: კადრები შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ ბოლო ორ დღეში საქართველოში დააკავეს „ორგანიზებულ დანაშაულში“ ჩართული 97 ადამიანი, - „მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი“.

18 თებერვალს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ „ამოიღეს“ „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

ამოღებულია დიდი რაოდენობით „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „სუბოქსინი“, „ბუპრენორფინი“ და სხვა ნარკოტიკები.

დაკავებულთა შორის, მისი თქმით, არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები.

გელაძის თქმით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული ადამიანები სხვადასხვა გზით ყიდდნენ ნარკოტიკებს:

  • ინტერნეტაპლიკაციებით,
  • ხელიდან ხელში გადაცემით,
  • ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსებით.

გელაძის თქმითვე, პოლიციელებმა „ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით“, რამდენჯერმე „განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა“ და ეს პროცესი ფარულად გადაიღეს.

„ამოღებულია“ ნარკოტიკული დაფასოება-კულტივირებისთვის „საჭირო მასალები“ და თანხა, რომელიც, სავარაუდოდ, საშუალებების გაყიდვით მოაგროვეს - თუმცა რა ოდენობისაა თანხა, არ დაუზუსტებია.

ნახევარი კილო „კოკაინი“

დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქე.

იგი დააკავეს „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე“ - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

გელაძის თქმით, ლატვიის ეს მოქალაქე საქართველოში „ნახევარ კილოგრამზე მეტი წონის „კოკაინის“ შემოტანას ცდილობდა“.

ირანის მოქალაქეების „ნარკოლაბორატორია“

გელაძის თქმით, თბილისში აღმოაჩინეს „ნარკოლაბორატორია“.

ადგილმდებარეობა ან უბანი არ დაუზუსტებია - თქვა, რომ იგი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იყო მოწყობილი.

იქ „ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ“.

ამავე კონტექსტში თქვა, რომ დაკავებულია ირანის 2 მოქალაქე და ამ შემთხვევაშიც „ამოღებულია“ ნახევარ კილოგრამამდე „მეტამფეტამინი“.

იარაღები

გელაძის თქმით, ნარკოტიკებთან ბრძოლის პარალელურად, „მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში“, ბოლო 48 საათში დააკავეს 16 პირი.

გაჩხრიკეს მათი „პირადი საცხოვრებელი სახლები, დამხმარე სათავსოები და ავტომანქანები“.

შედეგად „ამოიღეს“ „ათეულობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები“.

გელაძე „უკომპრომისო ბრძოლაზე“ საუბრობს

გელა გელაძემ განაცხადა, რომ „ქართულ სახელმწიფოს, მის ყველა სამართალდამცავ უწყებას, უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული ორგანიზებული, კორუფციული, ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ“.

"საზოგადოებას კი საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა სამართალდამცავის სახელით ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დანაშაულთან ბრძოლის შედეგებით“, - აღნიშნა გელა გელაძემ.

გამოძიება ამ საქმეებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ექვსი მუხლით, რომლებიც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ ოცნება ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს და ამას ანტიქართულ იდეოლოგიასთან ბრძოლას არქმევს - რა იცვლება კანონში