მიქაძეების საქმის განხილვისას სასამართლოსთან ისევ იყო დაპირისპირება - ამჯერად დაკავებებით | ჯანგველაძის საქმე

მოგვიანებით რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ დაკავებულია 15 ადამიანი

„კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეში ბრალდებულთა პროცესის პარალელურად, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ მორიგი დაპირისპირება მოხდა მხარეებს შორის. დაპირისპირება ამჯერად უფრო მძიმედ წარიმართა.

დაპირისპირება მოხდა იმის მიუხედავად, რომ ადგილზე ბევრი პოლიციელი იყო.

ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს სასამართლოს გარეთ, ქუჩაში მიმდინარე დაპირისპირება.

ერთ-ერთ, Nissan-ის მარკის ავტომობილს საქარე მინა დაუმტვრიეს - პოლიცია მასში მყოფი პირის დაკავებას ცდილობდა.

წინა და უკანა საქარე მინები დაუმტვრიეს კიდევ ერთ მანქანას.

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინდლის მსგავსად, დღეს დილიდან იყო პოლიცია მობილიზებული - მხარეთა მხარდამჭერების დიდი რაოდენობის პარალელურად.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთი მხრივ, ჯანგველაძის ოჯახის, მეორე მხრივ, მიქაძეების მხარდამჭერები.

გავრცელებულ კადრებში ასევე ისმის ურთიერთგინება და ჩანს რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება.

ჩანს რამდენიმე ადამიანის დაკავებაც.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში მოგვიანებით განუცხადეს, რომ დაპირისპირების მონაწილე 15 ადამიანი დააკავეს. უწყებაში ჯერ არ აზუსტებენ, რომელი კანონის რომელი მუხლების დარღვევას ედავებიან მათ.

  • ოთხშაბათს, 18 თებერვალს, იყო ბიზნესმენი ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე გიორგი ჯოხაძის მორიგი სასამართლო სხდომა. მათ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
  • ჯოხაძესა და მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წაუყენეს - ოთხი თვით ადრე მანამ, სანამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დაადანაშაულებდნენ ამავე საქმეში. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ არიან. გიორგი მიქაძე „წინასწარ პატიმრობაშია“.
  • 18 თებერვალსვე მიქაძეებსა და ოთარ ფარცხალაძეს დამატებითი ბრალდება წაუყენეს - „ქოლცენტრების სქემასთან“ დაკავშირებით;
  • დააკავეს „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე, რომელსაც ამავე სქემაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.
ასევე ნახეთ ელისო კილაძეს, ფარცხალაძესა და მიქაძეებს „ქოლცენტრებზე“ ედავებიან

ჯანგველაძის საქმის განხილვისას უკვე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

მათ შორის გუშინ, 17 თებერვალს, სასამართლოს შენობასთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

პოლიცია გუშინაც დიდი რაოდენობით იყო ადგილზე მობილიზებული, თუმცა ჩხუბის მიუხედავად, არავინ დაუკავებიათ.

2025 წლის შემოდგომაზე, ჯანგველაძის საქმეზე „კილერობაში“ დადანაშაულებული და აწ უკვე მსჯავრდადებული გელა უძილაურის საქმის განხილვისას საქალაქო სასამართლოში რამდენჯერმე გამოაცხადეს განგაში „ბომბთან“ დაკავშირებით შესული შეტყობინების გამო, რაც უსაფუძვლო აღმოჩნდა.

ასევე ნახეთ ჯანგველაძის საქმე: სასამართლოში მიქაძეების საქმის განხილვისას დაპირისპირება იყო

შენიშვნა: ინფორმაცია 16:40 საათზე განახლდა დაკავებულთა რაოდენობაზე შსს-ის ინფორმაციით.