მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან 58,7 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანეს. გასულ წელთან შედარებით, ეს მონაცემები 401,5%-ით არის გაზრდილი.
სად გადის ნავთობი?
ექსპორტ-იმპორტის პორტალის მონაცემებით, საქართველოში გადამუშავებული ნავთობის უდიდესი ნაწილი სამ ქვეყანაში გადის:
- თურქეთი - $24,3 მლნ დოლარი;
- მალტა - $16,2 მლნ დოლარი;
- სინგაპური - $11,9 მლნ დოლარი.
გაცილებით მცირე წილი მოდის კვიპროსზე, უკრაინასა და სომხეთზე.
საიდან შემოდის საქართველოში ნედლი ნავთობი?
საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის შესახებ მონაცემები ექსპორტ-იმპორტის პორტალზე 2009 წლიდან აისახება. ამ ჩამონათვალში, ჯამში, 10 ქვეყანა მოხვდა, 223 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტირებული პროდუქტით.
ასევე ნახეთ საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატიამ ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან:
- რუსეთი - $149,8 მლნ;
- თურქმენეთი - $46,4 მლნ;
- აზერბაიჯანი - $17,9 მლნ.
რუსეთიდან ნედლი საწვავი 2014-2017 წლებში შემოდიოდა, შემდეგ კი იყო რამდენიმეწლიანი წყვეტა. ოკუპანტი ქვეყნიდან პროდუქტის იმპორტი 2022 წლიდან განახლდა და მას შემდეგ მზარდია. მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ თვეში, ჯამში, 111 მილიონი დოლარის საწვავი შემოვიდა.
ეჭვები
საქართველოში არსებული ყულევის პორტი შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შეიყვანოს. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:
„[ყულევის პორტი] გამოიყენება საზღვაო ტრანსპორტირებისთვის ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტებისა, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.
ასევე ნახეთ ყულევის პორტს ევროკავშირის სანქციები ემუქრებაეკონომისტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და პარლამენტის ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე საქსტატის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ამბობს, რომ „ახლა უფრო ნათელია, თუ რატომ შეიყვანა ევროკავშირმა ყულევის პორტი დასასანქცირებელთა სიაში“.
ის ეჭვობს, რომ რუსეთიდან „ნედლი ნავთობი კი არა, მზა ნაწარმი დიზელის საწვავის ან ბენზინის სახით [შემოვიდა]. გრძელდება ის აფიორა, რაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა“.
„საბუთებში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ან ბენზინი და ექსპორტზე გაიტანეს, როგორც ქართული პროდუქტი. ეს საბაჟო საბუთების გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაულია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ხელისუფლებაში მყოფ პარტია „ქართულ ოცნებას“ ან რომელიმე სახელმწიფო უწყებას დამატებითი განმარტებები არ გაუვრცელებიათ - ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.