Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნედლი ნავთობის 97% რუსეთიდან შემოვიდა - საქსტატი


საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი
საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ცნობით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 137 ათასი ტონა ნავთობის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 62 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

შედარებისთვის, 2024 წელს ნედლი ნავთობის იმპორტი მხოლოდ 10,5 ტონას შეადგენდა, ღირებულება კი - 5,8 მლნ დოლარს. იმპორტი დაახლოებით 13-ჯერაა გაზრდილი.

2025 წელს საქართველოში შემოტანილი ნავთობის 97% რუსეთზე მოდიოდა. საქსტატის ცნობით, რუსეთიდან 60,4 მლნ დოლარის ღირებულების 133,6 ათასი ტონა ნედლი ნავთობია შემოტანილი.

საქართველოში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტზე ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში სააგენტო Reuters-მა გაავრცელა.

საუბარი იყო კომპანია „რუსნეფტის“ მიერ ყულევში ახალაშენებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის მიწოდებულ ნავთობზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შემდეგ დაადასტურა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (Kayseri) რუსეთიდან ყულევის პორტში ოქტომბრის დასაწყისში შევიდა. მას 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა.

უწყებაში განაცხადეს, რომ „გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები“.

18 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რამდენიმე რუსულ ნავთობკომპანიას, მათ შორის „რუსნეფტს“.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 658 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა (ამ პროდუქციის მთლიანი იმპორტის 40%), რომელთა ღირებულება 456 მილიონ დოლარზე მეტი იყო. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოტანილია 96 ათასი ტონა „ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები“, რომელთა ღირებულება 160,9 მლნ დოლარი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG