დააკავეს იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც თავდაცვას და შსს-ს თევზის კონსერვს აწვდიდა

ფინანსურმა პოლიციამ ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადების ბრალდებით დააკავა შპს „ბატონოს“ ხელმძღვანელი. საგამოძიებო უწყების ცნობით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის.

„რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე.

რა ვიცით შპს „ბატონოს“ შესახებ

კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის ლეილა ლონდარიძეს, დირექტორი კი ივანე გოგლიძეა. ორივე მათგანი იმავე თანამდებობებს იკავებს შპს „გსქ კულაშიც“.

რადიო თავისუფლებამ კომპანია „კულასა“ და „ბატონოში“ დარეკა, თუმცა ტელეფონები ორივეგან გათიშული იყო.

კომპანიის შერჩევა

შპს „ბატონო“ 2025 წელს ტენდერით შეარჩიეს - ხელშეკრულება დადეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თავდაცვის სამინისტრომ (შპს სახელმწიფო კვებითი უსაფრთხოება). ჯამში, საუბარია 380 792 ლარის ღირებულების 24 177 კილოგრამ თევზის კონსერვზე.

ბრალის შინაარსი

ფინანსური პოლიცია ამტკიცებს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი თევზის კონსერვის „დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს“.

გარდა ამისა, „კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს“.

სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით - საკვები პროდუქტის ფალსიფიცირება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

სხვა კონტრაქტები

იმავე კომპანიასთან თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა კონტრაქტებიც აქვთ დადებული. კომპანია ძალოვან უწყებებს აწვდის ხორცის კონსერვსაც. კონტრაქტების ჯამური ღირებულება 1,2 მილიონ ლარამდეა.

ამ ეტაპზე უცნობია, შეწყდება თუ არა ამ კომპანიასთან დადებული და მიმდინარე კონტრაქტები.