1 წელი ციხე - 1 წელი პირობითი - ვის (არ) სურს საპროცესოს გაფორმება „4 ოქტომბრის საქმეზე“

ფოტოილუსტრაცია

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებულებს შორის არიან ბრალდებულები, რომლებიც მზად არიან საპროცესო შეთანხმება გააფორმონ, რაც წარდგენილი ბრალის აღიარების გარეშე ვერ მოხდება. რა პირობა აქვს პროკურატურას და ვინ მიმართა უწყებას განცხადებით? - ამ სტატიაში ვარკვევთ.

„უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია“, - „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ ბრალდებულის, კონსტანტინე კოკაია წერილიდან ეს წინადადება 20 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა გიორგი ჩხეიძემ ამოიკითხა.

ამ წერილის თანახმად, მას ბრალდების მხარე სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობებით:

  • 1 წელი ციხე - 1 წელი პირობითი.

64 წლის კონსტანტინე კოკაიას ბრალად ედება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მას ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კონსტანტინე კოკაია

„ჩემი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვთვლი, რომ ვარ პოლიტპატიმარი... დანაშაული არ ჩამიდენია და მთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას მაშინ, როდესაც არაფერი დამიშავებია. ვარ 65 წლის, 5 შუნტითა და 4 სტენტით, მაქვს უმძიმესი, ქორნიკული გულსისლძარღვთა დაავადება და არც სასამართლო და არც პროკურატურა, არც ერთ ჯერზე არ დაინტერესებულან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ პირობებში მამყოფებენ ციხეში“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ ექიმთან არ წამიყვანეს, „აჩკები“ წამართვეს, ვერ ვხედავ, არ მარეკინებენ - „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კოკაია უფლებების დარღვევაზე ჩივის

კონსტანტინე კოკაიას წერილის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ამ საქმეზე დაკავებულებიდან, რომელიმეს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს.

უწყების პოზიციაა, რომ „საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას“.

დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების საფუძველია.

საპროცესო შეთანხმება იდება ზემდგომ პროკურორთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს.

„რადგან არაფორმალური საუბარი იყო პროკურორებსა და ადვოკატებს შორის, ვფიქრობ, ამიტომ უარყო პროკურატურამ საპროცესოზე ჩვენთან საუბარი“, - ასე ფიქრობს რამაზ ჯორბენაძის ადვოკატი, მარიამ ძირკაძე და იხსენებს 13 თებერვალს სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორებსა [ როინ ხინთიბიძე და ვაჟა თოდუა] და ადვოკატებს შორის საუბარს.

„სხდომის დაწყებამდე პროკურორები როინ ხინთიბიძე და ვაჟა თოდუა ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ საპროცესო შეთანხმების პირობები იყო ერთი წელი რეალური და ერთი პირობითი მსჯავრი, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას აღიარებდნენ და ამ აღიარებით სხვისი მდგომარეობა უარესდებოდა“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, პროკურორებისგან მოისმინა, რომ საპროცესოს იმ დაკავებულებს შესთავაზებს, რომლებიც „არ ახორციელებდნენ ძალადობასო“.

„ე.ი. თავად ამბობენ, რომ ეს ადამიანები, ვინც დაპატიმრებულები ჰყავთ, ძალადობას არ ახორციელებდნენ, მათი ერთადერთი დანაშაული აღმოჩნდა, აქციაზე დგომა, ამას ვამტკიცებთ ჩვენ ამდენი ხანი და გამამართლებელ განაჩენს ვითხოვთ“, - ამბობს ადვოკატი.

ის ერთ-ერთია იმ რვა ადვოკატს შორის, რომელთა პროკურატურაში მიტანილი განცხადებები, საპროცესოს გაფორმების თხოვნით, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაასაჯაროვა.

„ქრონიკამ“ 4 ოქტომბრის საქმეზე 8 ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებები და მიმართვები მოიპოვა, სადაც ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ“ , - ასეთია გამოქვეყნებულ ფოტოზე მინაწერი.

რადიო თავისუფლება მათგან ხუთ ადვოკატს ესაუბრა. ხუთივემ დაადასტურა, რომ პროკურატურას სხვადასხვა დროს სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით მიმართეს.

მაგალითად, მარიამ ძირკაძის ცნობით, პროკურატურას განცადებით, გასული წლის ოქტომბერში მიმართა, როცა „ოთხი ოქტომბრის საქმე“ ჯერ ხუთ ჯგუფად დანაწილებული არ იყო და საპროცესოს გაფორმებაზე მისი თხოვნა, სრულად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ემყარებოდა.

„იქ წინადადება იყო, რომ თანამშრომლობა მოხდებოდა, რასაკვირველია, ცალმხრივი არ იქნებოდა არაფერი, თუმცაღა იქ იყო მოთხოვნა, რომ გათვალისწინებულიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ, რაც ბრალი აქვს წარდგენილი, ეღიარებინა და მითუმეტეს სხვის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება“ , - ამბობს ის.

რომელი ბრალდებულია თანახმა საპროცესო შეთანხმებაზე?

ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურის პასუხს ელის ბრალდებული ევა შავშვიაშვილი.

„ჩვენი მიმართვა იყო, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და სასამართლომ გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, რომ აკმაროს პატიმრობის ის დრო, რაც მოიხადა, დანარჩენი სასჯელი კი განესაზღვროს პირობითი მსჯავდით“, - ამბობს ადვოკატი ამირან ბურდული.

იმ დროს, როცა მან პროკურატურას მიმართა, ევა შაშვიაშვილს აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რომელიც 31 დეკემბერს გირაოთი შეუცვალეს.

გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. მანამდე, პატიმრობის გირაოთი შეცვლას საპროტესტო აქციებით ითხოვდნენ პოლიტიკოსები, აქტივისტი ქალები, უფლებადამცველები.

ასევე ნახეთ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშვიაშვილს სასამართლომ პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა

ევა შაშვიაშვილი თავისი 24 წლის ქალიშვილის, მარიამის ერთადერთი მეურვეა, მარიამი იმ დროს, როცა შაშვიაშვილი საპატიმროში იყო, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა და იქ ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურებოდა.

ასევე ნახეთ შშმ შვილის ერთადერთი მზრუნველი ციხეში - როდის იყენებს სახელმწიფო წინასწარ პატიმრობას სასჯელად?

საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე განცხადებით პროკურატურას ხვიჩა გოგოხიას ადვოკატმა ზაალ დავითაიამაც მიმართა. ოფიციალური პასუხი უწყებიდან არც მას მიუღია, „კულუაკურ საუბრებს მისთვის აზრი არ აქვს“.

„ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება მიღწეული... განცხადებით მივმართეთ, იქ არაფერი წერია აღიარებაზე და პასუხი თუ გაგვეცემა, იმის შემდეგ გადავწყვეტთ, რა იქნება და როგორ იქნება. საპროცესო ამას ნიშნავს, თუ შევთანხმდით უნდა აღიაროს, ბუნებრივია. შეთანხმება ხდება, როგორც ბრალზე ისე სასჯელზე, შესაძლოა ერთ ბრალდებას დავეთანხმოთ და მეორეს - არა, ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, რომ ვილაპარაკოთ“ , - განმარტავს ადვოკატი.

გოჩა ყატაშვილის ადვოკატისთვის, თამაზ გურაშვილისთვის კი გადამწყვეტია, „რის აღიარებას მოითხოვს პროკურატურა“.

გოჩა ყატაშვილი

„აღიარებას გააჩნია, რაც არ ყოფილა, იმას ვერ ვაღიარებთ.. ამიტომ ჭიანურდება... ჩვენ ვინანიებთ იმას კი არა, რომ სასახლის გადატრიალება გვინდოდა და ხელში ჩაგდება, არამედ იმას, რომ ცუდ დროს, გაურკვეველ ვითარებაში აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით და ავყევით ბრბოს“, - ამბობს ადვოკატი.

გიორგი ქორქიას ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ პროკურატურას განცხადებით მიმართა, თუმცა დამატებით მხოლოდ ამას განმატავს:

„ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ბრალდებულის ინტერესების კანონიერ დაცვას, დაცვა მხოლოდ და მხოლოდ მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე“.

მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

რადიო თავისუფლებას ადვოკატების ნაწილმა ანონიმურად დაუდასტურა, რომ პროკურატურა დაახლოებით 30 ბრალდებულისთვის გეგმავს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმოებას. ინფორმაციის გადასამოწმებლად პროკურატურის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

გვაინტერესებდა, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებიდან ჯამში, რამდენმა მიმართა მათ განცხადებით და ვის ელაპარაკებიან საპროცესო შეთანხმების პირობებზე.

მათი პოზიცია, მიღების შემთხვევაში, სტატიაში აისახება.

იმედის მიერ გავრცელებულ განცხადებებში, ერთ-ერთზე მიმართვის ავტორად ბრალდებული გიორგი კირვალიძეა მითითებული. მის ინტერესებს სასამართლოში, ადვოკატი ბორის ყურუა იცავს. ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და „იმედი უსინდისოდ იტყუება“.

„როგორც გიორგი კირვალიძის ადვოკატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ აღიარებითი ჩვენება, არამედ საერთოდ გიორგი კირვალიძის ჩვენება არ არსებობს არსად, არ გამოკითხულა ამ საქმეზე. სასამართლოზე დააფიქსირა არაერთხელ, რომ არ აღიარებს ბრალს. იმედი უსინდისოდ იტყუება“, - დაწერა მან ფეისბუქზე.

„ოთხი ოქტომბრის აქციის“ საქმეებს ხუთი მოსამართლე განიხილავს. პროკურატურისთვის ეს საქმე - „კონსტიტუციური წყობილების დამხობის", ბრალდებულებისთვის კი „მშვიდობიანი რევოლუციის" მცდელობაა.

ამ საქმეზე 65 ადამიანია ბრალდებული, ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულები ხუთ ჯგუფად დაყო. ეს ჯგუფები მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 ბრალდებულს აერთიანებს.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.

4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს - ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად.

4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია.