14 თებერვალს ნავალნის ბიოლოგიური ნიმუშების ანალიზზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს სასიკვდილო შხამით, ეპიბატიდინით, რომლის მიღება სამხრეთ ამერიკული შხამიანი ბაყაყის კანიდან შეიძლება. ის რუსეთში ბუნებრივად არ გვხვდება.
The insider-ი 20 თებერვალს წერდა, რომ ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო კვლევითმა ინსტიტუტმა (ГосНИИОКхТ) 2013-2014 წლებში ეპიბატიდინის შესახებ ორი სტატია გამოაქვეყნა [2013 წლის პუბლიკაცია რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ სერგეი დობრინინის ყურადღების ცენტრში მოექცა - რედ.]. პირველში განხილული იყო შხამის სინთეზი, ხოლო მეორეში მისი ტოქსიკური ეფექტები, მიღების სხვადასხვა მეთოდის გავლენა და მისი ორგანიზმში აღმოჩენის გზები. რუსმა ქიმიკოსმა, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ეპიბატიდინი არა ГосНИИОКхТ-ში, არამედ ცენტრ „სიგნალში“ აწარმოეს.
„როგორც ჩანს, ეპიბატიდინი არა ГосНИИОКхТ-ში, არამედ „სიგნალში“ მიიღეს: დილს-ალდერის რეაქცია, ამინოჯგუფის დაცვა და ციკლიზაცია - ეს ყველაფერი ბაბკინის მიმართულებაა, ხოლო კარფენტანილების მიღება, პალადიუმის წარმოება ნახშირბადზე - ეს შესაძლოა სერგეი გალანმა გააკეთა. ამიტომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს „სიგნალში“ ხდებოდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, იმ დროს „სიგნალს“ ან არ ჰქონდა კლინიკური კვლევებისთვის საჭირო საშუალებები, ან პერსონალი არ ჰყავდა, ამიტომ ის ГосНИИОКхТ-ს გადასცეს“, განუცხადა წყარომ The Insider-ს.
ასევე ნახეთ პოლონიუმი, თალიუმი, რიცინი, ნოვიჩოკი - რომელი შხამებით იშორებს კრემლი ოპონენტებს?„აგენტსტვომ“ აღმოაჩინა ჟურნალ „იზვესტია აკადემიი ნაუკის“ ქიმიის სერიაში 2015 წელს გამოქვეყნებული სტატია „ეპიბატიდინის სტრუქტურული ანალოგების სინთეზი“. გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ამ პუბლიკაციის შვიდი ავტორიდან ექვსი „სიგნალში“ სრული განაკვეთით დასაქმებული თანამშრომელია: იგორ ბაბკინი, სერგეი გალანი, გეორგი ნაზაროვი, ალექსეი აქსიონოვი, ოლგა იუდინა და ალექსეი ლამანოვი. სტატიის კიდევ ერთი თანაავტორი, მიხაილ გუცალიუკი, ხელმძღვანელობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის სამხედრო აკადემიის (РХБЗ) სამეცნიერო მუშაობის ორგანიზებისა და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მომზადების განყოფილებას. ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს მისი კავშირის დადგენა „სიგნალის“ კვლევით ცენტრთან.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ბაბკინი 2000-იან წლებში მუშაობდა РХБЗ-ში, ასევე, როგორც „სიგნალის“ დირექტორი არტურ ჟიროვიც, თავდაცვის სამინისტროს 27-ე სამეცნიერო ცენტრში. გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, თავად „სიგნალში“ მან მუშაობა დაიწყო, სულ მცირე, 2010-იანი წლების შუა პერიოდში.
„The Insider“-ის ცნობით, ГосНИИОХТ-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, გენერალი ვლადიმირ კონდრატიევი, რეგულარულად უკავშირდებოდა არტურ ჟიროვს ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლის დღეებში, 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში. ГосНИИОХТ-მ „ნოვიჩოკის“ სერიის ქიმიური საბრძოლო ნივთიერებები 1970-იან წლებში შეიმუშავა. 2020 წელს ევროკავშირმა და აშშ-მა ინსტიტუტს სანქციები დაუწესეს, რისი მიზეზიც გახდა იმავე წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამვლა. 2023 წელს ГосНИИОХТ სანქციების სიაში უკრაინამ და კანადამაც შეიყვანეს რუსეთის სამხედროებისთვის ტექნოლოგიების მიწოდების გამო.
ასევე ნახეთ რუსი გენერალი ცოლთან უკრაინელი ტყვეების მოჭრილი ყურებით ტრაბახობდა - ეს არ იყო ერთადერთი წამება, რომლითაც ის ამაყობდა ასევე ნახეთ „საბრძოლო მტრედები“ და „ბიოდრონები“ რუსეთის არმიაში. რა შუაშია პუტინის ქალიშვილი?