ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს - Axios

25 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის და შეერთებული შტატების პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკულმა გამოცემა Axios-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა საუბრის ზოგიერთი დეტალის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი 25 თებერვალს შედგა.

Axios-ი უკრაინის ოფიციალურ პირსა და კიდევ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 30-წუთიანი საუბრისას, რომელიც „მეგობრული და პოზიტიური“ იყო, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება სურს.

კერძოდ, წყაროთა თანახმად, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ მხოლოდ მას შეუძლია პუტინს ომის შეწყვეტა აიძულოს და იმედი გამოთქვა, რომ ომი წელს დასრულდება, რასაც ტრამპმა უპასუხა, რომ ომი საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება და სურს, რომ ერთ თვეში დასრულდეს.

თეთრმა სახლმა არ უპასუხა Axios-ის მიმართვას კომენტარის შესახებ.

ასევე ნახეთ რუსეთმა დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინაზე, მათ შორის კიევზე

ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც დღეს, 26 თებერვალს ჟენევაში შეხვდებიან უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოების, „ტასის" და „რია ნოვოსტის" ცნობით, უიტკოფს და კუშნერს ჟენევაში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. მასთან უიტკოფის და კუშნერის შესაძლო შეხვედრაზე წერს გამოცემა Axios-იც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 25 თებერვალს ღამით სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ განიხილეს საკითხები, რომლებზეც მათი წარმომადგენლები ჟენევაში იმსჯელებენ.

ზელენსკის ინფორმაციით, განიხილეს მზადება სამმხრივი ფორმატის მომდევნო შეხვედრისთვისაც, რომელიც მარტის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მოელიან, რომ მომდევნო სამმხრივი შეხვედრა შესაძლებელს გახდის მოლაპარაკებების ლიდერების დონეზე გადასვლას, რაც რთული და დელიკატური საკითხების მოგვარებისა და ომის დასრულების ერთადერთი საშუალებაა.

ასევე ნახეთ Bloomberg: აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი 4 ივლისამდე დასრულდეს
  • უკრაინამ, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვრიდან დაიწყეს.
  • პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა, მესამე კი - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  • უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთის უმთავრესი პირობაა მისთვის დონბასის სრულად გადაცემა და უკრაინის ჯარების გასვლა რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც კიევი აკონტროლებს.
  • უკრაინა ამ მოთხოვნას არ ეთანხმება. კიევის წინადადებაა საბრძოლო მოქმედების დღეს არსებულ შეხების ხაზზე შეწყვეტა.
  • აშშ-ის კომპრომისული წინადადებაა დონბასში დემილიტარიზებული, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა.
ასევე ნახეთ ზელენსკი: თუ ცეცხლის შეწყვეტის პოლიტიკური ნება იქნება, მონიტორინგში ამერიკული მხარე ჩაერთვება