უნგრეთის პრემიერის თანახმად, კომისიამ უნდა გაარკვიოს, რა მდგომარეობაშია ნავთობსადენ „დრუჟბის“ ის მონაკვეთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის.
ამ მილსადენიდან უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. კიევში განაცხადეს, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. სლოვაკეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინას ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა დღეს, 27 თებერვალს გამოაცხადა, რომ ნავთობსადენის მდგომარეობის გასარკვევად სლოვაკ კოლეგა ფიცოს შეუთანხმდა ერთობლივი კომისიის შექმნაზე. ორბანმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, ქვეყანაში შეუშვას უნგრელი და სლოვაკი ინსპექტორები და მილსადენი ისევ აამოქმედოს.
უკრაინის გავლით რუსული ნავთობის მიღების შეწყვეტის გამო უნგრეთმა და სლოვაკეთმა 23 თებერვალს დაბლოკეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი.
უნგრეთი უკრაინას ადანაშაულებს პოლიტიკურ შანტაჟშიც იმ მიზნით, რომ ბუდაპეშტმა აღარ გაუწიოს წინააღმდეგობა ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას და იმასაც აცხადებს, რომ კიევი და ბრიუსელი უნგრეთის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებენ, რათა საფრთხის ქვეშ დააყენონ უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება. კიევის პასუხია, რომ ბუდაპეშტის პრეტენზიების ერთადერთი ადრესატი კრემლი უნდა იყოს.
2026 წლის აპრილში უნგრეთში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი პარტიის, „ფიდესისთვის" გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები.
ასევე ნახეთ ვიქტორ ორბანმა ღია წერილი მისწერა ვოლოდიმირ ზელენსკისევროკავშირის საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც ნავთობის და ნავთობპროდუქტების საკითხებითაა დაკავებული, 25 თებერვალს ექსპერტთა ვიდეოკონფერენცია ჩაატარა „დრუჟბის“ გარშემო შექმნილი ვითარების გასარკვევად.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერდა, რომ უკრაინამ საკოორდინაციო ჯგუფს წარუდგინა თავისი პოზიციის ამსახველი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ნავთობის ტრანზიტის შეჩერებაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რადგან მილსადენის დაზიანება იყო უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი „ტერორისტული შეტევის“ ერთ-ერთი შედეგი. კიევის მტკიცებით, უკრაინული მხარე დაინტერესებულია ტრანზიტის სწრაფად აღდგენით.
„ევროპეისკა პრავდას“ კორესპონდენტი 25 თებერვალს ბრიუსელიდან იუწყებოდა, რომ საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა-კაისა ინტკონენმა განაცხადა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდების შეჩერება ამ ქვეყნებისთვის საფრთხეს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს, რადგან მათ ნავთობის მარაგები აქვთ და დაადასტურეს, რომ მარაგის გამოყენება დაიწყეს.
ევროკომისიის წარმომადგენლის თანახმად, უნგრეთს და სლოვაკეთს შეუძლიათ ნავთობი ალტერნატიული გზითაც, ხორვატიიდან მიიღონ. იტკონენის განცხადებით, სიტუაციის მონიტორინგი გაგრძელდება.
ასევე ნახეთ სლოვაკეთმა უარი თქვა ელექტროენერგიით უკრაინის დახმარებაზე„დრუჟბა“ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაა. რუსეთიდან მილსადენის ერთი, ჩრდილოეთის მონაკვეთი გადის ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე, ხოლო სამხრეთის - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ხორვატიის.
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მოტივით, უარი არ თქვეს რუსული ენერგომატარებლების შეძენაზე და კონტაქტები შეინარჩუნეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთანაც.