"რუსეთი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი" - გეოსტრატეგი მარკ ბროლინი

ვაჟა თავბერიძის ინტერვიუ მარკ ბროლინთან

„პუტინმა რუსეთი ასორმოცდაათი წლით უკან დახია.“ - ასე აფასებს ბრიტანეთში მოღვაწე გეოსპოლიტიკისა და ეკონომიკის შვედი ექპერტი მარკ ბროლინი უკრაინის ომის მეოთხე წლისთავზე კრემლის ლიდერის მიღწევებს. ბროლინი იზიარებს მოსაზრებას, რომ, პუტინისთვის ომი შიდა კრიზისების გადაფარვის მცდელობა იყო.

თუმცა შედეგად მან რუსეთისთვის ახალი და დამანგრეველი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და დემოგრაფიულიᲙკრიზისი მიიღო.

ბროლინი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ კრემლს არ ეკისრება.

„რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ის საუბრობს ევროპის პასუხისმგებლობაზეც, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოება თავად დაასუსტა, როდესაც წლების განმავლობაში ამცირებდა თავდაცვის შესაძლებლობებს და პარალელურად დაუშვა სტრატეგიულ მოწინააღმდეგეზე მანკიერი დამოკიდებულება ენერგორესურსების მხრივ. ასევე განიხილავს რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ახალი სამხედრო ავანტიურა, რამდენად მყარი იქნება დასავლეთის ერთიანობა ასეთ დროს და რას მოუტანს ე.წ. პოსტსაბჭოთა რეგიონს პუტინის სისტემის შესაძლო რღვევის სცენარი.

“პუტინმა რუსეთი ასორმოცდაათი წლით უკან დახია. ეს კატასტროფული ჩამორჩენაა, რომელიც რუსეთს და მის ხალხს ძალიან ძვირად დაუჯდება.”

რადიო თავისუფლება: ოთხი წელი გავიდა, მეხუთეში შევაბიჯეთ - სად ვართ ახლა უკრაინის ომში?

მარკ ბროლინი: ვიტყოდი, რომ სურათს ორი მხარე აქვს, დადებითიც და უარყოფითიც. უარყოფითი მხარე თვალსაჩინოა, ეს არის ეპიკური მასშტაბის ადამიანური ტრაგედია ორ ქვეყანაში, უზარმაზარი მსხვერპლით. ეს დიდი ტრაგედიაა, თუმცა არის რაღაც დადებითიც.

დადებითი ისაა, რომ რუსეთი ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრს ომის დასაწყისში ეგონა. ვფიქრობ, გარკვეული გაგებით, დიდი გამარჯვებაა იმის დანახვა, რომ პუტინი სულაც არ არის სტრატეგიული გენიოსი. ის შეცდომებს უშვებს. ამ ომში იმდენი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ ჩამოსათვლელად დრო არ გვეყოფოდა. ომი შიდა პრობლემებიდან ყურადღების გადატანის კლასიკური მცდელობა იყო. თუმცა შედეგი რუსეთისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ქვეყანა ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და დემოგრაფიულად სერიოზულად დაზიანდა. შესაძლოა ეს პროცესები სრულად ჯერ კიდევ არ ჩანს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მათი შედეგები ძალიან მძიმე იქნება. გარკვეული გაგებით, პუტინმა რუსეთი ასორმოცდაათი წლით უკან დახია. ეს კატასტროფული ჩამორჩენაა, რომელიც რუსეთს და მის ხალხს ძალიან ძვირად დაუჯდება.

პროპაგანდა, ცხადია, სხვა სურათს ხატავს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ამ ომში ორივე მხარე ზარალდება. უკრაინა უდიდეს ფასს იხდის. თუმცა ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი გაცილებით მეტს წააგებს.

ასევე ნახეთ „სანამ ეს ომი გრძელდება, რუსეთი დაბმულია“ - ვინ იქნება შემდეგი სამიზნე? - რა წერია ესტონეთის საგარეო დაზვერვის დოკუმენტში

მას უამრავი სხვა არჩევანი ჰქონდა, ბევრი თანამედროვე გზა, და მან ომი და ნგრევა აირჩია. ახლა რუსეთი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ეს ეკონომიკურად მრავალმხრივ უკუშედეგს გამოიწვევს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მთავარი დამნაშავე თავად პუტინია - ომი მან დაიწყო, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ მხოლოდ პუტინმა დაუშვა შეცდომები, დასავლეთი კი ბრძნულად მოქმედებდა და სწორად რეაგირებდა მის გადაცდომებზე.

პასუხისმგებლობას მხოლოდ კრემლს ვერ დავაკისრებთ. ევროპამაც დაუშვა სერიოზული სტრატეგიული შეცდომები. განიარაღება, ენერგეტიკული დამოკიდებულება, მთავარ ოპონენტზე - ეს პოლიტიკურად და სტრატეგიულად უკიდურესად გაუმართლებელი ნაბიჯები იყო, ეს იყო სტრატეგიული სიბეცის ეპიკური გამოვლინება. ამ შეცდომების გარეშე შესაძლოა, ეს ომი არც არასოდეს დაწყებულიყო. უკრაინა და პოლონეთი წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ ევროპას, მაგრამ მათ უბრალოდ არავინ უსმენდა. ეს ევროპის დიდი შეცდომა იყო.

და ბოლოს ვაშინგტონი, თეთრ სახლში პრეზიდენტით, რომელიც მოსკოვის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი პრეზიდენტია ისტორიაში – მიზეზები კი ბოლომდე არავის ესმის. გარკვეული გაგებით, მიუხედავად პუტინის მასშტაბური შეცდომისა, მას თეთრ სახლში ძალიან, ძალიან გაუმართლა. და ევროპული პასუხიც თავდაპირველად ზედმეტად სუსტი იყო. მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს რეაქცია ზედმეტად თავშეკავებული აღმოჩნდა.

საკმარისი პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, რუსეთის უკუგდება მარტივად შეიძლებოდა, თანაც ისე, რომ ყირიმსაც კი დაკარგავდნენ.

რადიო თავისუფლება: სხვა რა გზა შეეძლო აერჩია დასავლეთს? რა შეიძლებოდა სხვაგვარად გაეკეთებინა?

მარკ ბროლინი: საუკეთესო სცენარში, რომელიც სავარაუდოდ აღარ განხორციელდება, ვფიქრობ, ევროპაში საკმარისი პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, რუსეთის უკუგდება მარტივად შეიძლებოდა, თანაც ისე, რომ ყირიმსაც კი დაკარგავდნენ. ეს სრულიად შესაძლებელი იყო. თუ ეკონომიკებს შევადარებთ, რუსეთი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ევროპულ წამყვან სახელმწიფოებზე მცირეა. გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია - თითოეულს ცალკე უფრო დიდი რესურსი აქვს, ვიდრე რუსეთს. სკანდინავიური ქვეყნების და პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური პოტენციალი რუსეთისას აღემატება. საბოლოოდ, ფული და სამხედრო ძალა პირდაპირ კავშირშია. ეს რუსეთისთვის უთანასწორო ბრძოლა უნდა ყოფილიყო. რესურსი არსებობს, რომ რუსეთს უკან დავახევინოთ, მაგრამ რეალურ სამყაროში ასე არ ხდება, რადგან საკმარისი ნება არ არის.

თუმცა ბოლო წლებში ევროპის პოლიტიკა იცვლება. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება, თავდაცვის ხარჯების ზრდა, შეიარაღების პროგრამების გაფართოება - ეს უკვე სხვა ტენდენციაზე მიუთითებს. გარკვეულწილად, რუსეთმა თავად მოახერხა ევროპის გაერთიანება. რუსეთმა იგივე შეცდომა დაუშვა, რაც იაპონიამ პერლ ჰარბორზე თავდასხმისას. მათ ამერიკაში მხოლოდ დეკადენსი და ცარიელი ლაპარაკი დაინახეს, რუსეთიც ევროპაში იმავეს ხედავდა. მაგრამ ეს მძინარე გიგანტის გაღვიძებას უდრიდა.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შეიძლებოდა გაცილებით ადრე და ნაკლები დანაკარგით მომხდარიყო. ევროპას არ აქვს იმის ფუფუნება, პუტინს ამ ომში გაამარჯვებინოს, ტრიუმფატორი პუტინი მომავალი, ბევრად დიდი პრობლემების საწინდარია. მაგრამ წინააღმდეგობა თავიდანვე უნდა გაეწიათ. ეს გაცილებით ნაკლები დაჯდებოდა – როგორც ფინანსურად, ისე იარაღისა და ადამიანური სიცოცხლის თვალსაზრისით.

არასდროს ყოფილა ასეთი ხელსაყრელი მომენტი რუსეთის უკანდასახევად –ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ – რამდენად კარგად გამოიყენა დასავლეთმა ეს, არსებითად უკრაინული სისხლით ნაყიდი ოთხი წელი?

მარკ ბროლინი: უხეიროდ. არ ვიტყოდი, რომ კატასტროფულად, რადგან დასავლური რესურსების გარეშე უკრაინა ვერ გადარჩებოდა, ეს ფაქტია. მაგრამ ეს მაინც სანახევროდ გაკეთებული საქმე იყო, ნახევარზომები. მხარდაჭერა თავიდანვე უფრო მასშტაბური და სწრაფი უნდა ყოფილიყო. რუსეთი იმაზე ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მას წარმოაჩენდნენ. ამ მცდარმა აღქმამ მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დაგვაკარგვინა.

ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პუტინს ათწლეულების განმავლობაში არასწორად ვაფასებდით. დასავლეთში მას აღიქვამდნენ ერთგვარ სტრატეგიულ გენიოსად და ტაქტიკის ოსტატად. გაცილებით ადრე შეიძლებოდა მისი შეჩერება და ეს ევროპისა და მთლიანად დასავლეთისთვის ბევრად იაფი დაჯდებოდა. არასდროს ყოფილა ასეთი ხელსაყრელი მომენტი რუსეთის უკანდასახევად – უკრაინისა და გაერთიანებული დასავლეთის დახმარებით ეს ომი დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დასრულებულიყო.

ასევე ნახეთ “უსისხლოდ არ ჩაივლის” - როგორ “დანებდა” NATO ომის თამაშებში

ახლა ბევრს საუბრობენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე, ახალი ომის რისკებზე. მე ვფიქრობ, ეს საფრთხე ხშირად გადაჭარბებულია, რადგან რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა დანარჩენ ევროპას თავს დაესხას. მას შეუძლია მხოლოდ საზღვრისპირა სახელმწიფოებს დაემუქროს, რასაც ისტორიულად ყოველთვის აკეთებდა. და რეალურად, ასეთ სახელმწიფოების რაოდენობა - მათი, ვისზეც შეიძლება რუსეთის ზეწოლამ გაჭრას - დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე ისტორიულად იყო. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რუსეთი არასოდეს ყოფილა ასეთი სუსტი.

რუსეთს თავდასხმისათვის რჩება მხოლოდ რამდენიმე დაუცველი სივრცე - მოლდოვა, საქართველო და მსგავსი ქვეყნები...

რადიო თავისუფლება: თუ დავუშვებთ იმ სცენარს, რომ რუსეთი ერთ-ერთ საზღვრისპირა ქვეყანას თავს დაესხმება ან იქ არეულობას გამოიწვევს - სად და როდის შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი და როგორი ფინალი ექნება ამ სცენარს?

მარკ ბროლინი: დიახ, ეს არის მთავარი რისკი. მთავარი მიზეზი, რის გამოც ის მშვიდობას არ თანხმდება, არის ის, რომ არ იცის, რა უყოს საკუთარ არმიას, თუ უკრაინაში ომი დასრულდება. მას მოუწევს შიდა პრობლემებს დაუბრუნდეს და მათი მოგვარება სცადოს, პრობლემები კი ძალიან ბევრია. ასიათასობით სამხედრო, ეკონომიკური წნეხი, სოციალური დაძაბულობა - ეს რთული რეალობაა. კითხვები ბევრია, პასუხი კი მხოლოდ ერთი აქვს - ომი.

ამიტომ აწყდება პარადოქსს - ერთი მხრივ, მის ინტერესშია სამხედრო მანქანის შენარჩუნება, მეორე მხრივ, იაზრებს, რომ რეალურად ამის სახსრები აღარ აქვს.

თეორიულად, ნატოს ქვეყანაზე თავდასხმა მისთვის კატასტროფა იქნება. ამას ვერ გაბედავს - ოთხ საათში დაუსრულებენ ყველაფერს, კარიერის ჩათვლით. ვერც ჩინეთის გავლენის ზონაში -ცენტრალურ აზიაში - გაბედავს რისკზე წასვლას.

ამ შემთხვევაში რუსეთს თავდასხმისათვის რჩება მხოლოდ რამდენიმე დაუცველი სივრცე - მოლდოვა, საქართველო და მსგავსი ქვეყნები.. ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, მაგრამ სრულად გამორიცხულიც არ არის. პუტინი მლიქვნელებითაა გარშემორტყმული, მხოლოდ იმას ეუბნებიან, რისი მოსმენაც თავად უნდა, ყველაფერზე თავს უკრავენ, რაც არ უნდა არაგონივრული იყოს. ეს არ იქნებოდა რაციონალური ნაბიჯი, მაგრამ უკრაინაში შეჭრაც არ იყო რაციონალური. ამიტომ, მთლიანად გამორიცხვას ვერავინ გაბედავს.

შეიძლება რიგითი რუსი გულში მჯიღს ირტყამს და იძახის - დავეტაკოთ, დავცხოთო, მაგრამ მაღალ ეშელონებში მშვენივრად უწყიან, რა ფასიც დაუჯდათ უკრაინაში მიმდინარე ომი

რადიო თავისუფლება: როდესაც ამბობთ, რომ ნატოს წევრ ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა პუტინისთვის რამდენიმე საათში დასრულდებოდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულმასშტაბიანი, კლასიკური შეტევის ნაცვლად, უფრო ეშმაკურად იმოქმედებს, მაგალითად, როგორც Die Welt-ის ბოლო სამხედრო-სიმულაციაში, სადაც ლიეტუვაში შეჭრის საბაბად კალინინგრადში „ჰუმანიტარული კრიზისი“ იყო წარმოდგენილი. თუ ოპერაცია ლოკალური იქნება - რაიმე კუნძული, პატარა ქალაქი, ან სოფელიც კი, მაგრამ მიზნად ნატოს სანდოობის შერყევას ისახავს, რამდენად ერთსულოვანი იქნება დასავლეთი? თუ ისევ დავიწყებთ მსჯელობას იმაზე, ვრცელდება თუ არა მეხუთე მუხლი ამ ინციდენტზე?

მარკ ბროლინი: ძალიან კარგი შეკითხვაა. და უნდა ვთქვა, რომ თქვენს სკეპტიციზმს გარკვეულწილად ვიზიარებ. სრული, ავტომატური ერთსულოვნება შეიძლება არ ვიხილოთ. თუმცა, ჩემი განცდაა, რომ 2022 წელთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. მაშინ ბევრი ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეიძლება „საქმე გქონოდა“. დღეს ეს ილუზია აღარ არსებობს. თუ თეთრ სახლში კვლავ ტრამპი იქნება, გარკვეული ყოყმანი, ალბათ, მოსალოდნელია. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის არის, რომ ვაშინგტონში ძალთა ბალანსი უფრო ტრადიციულ მდგომარეობას დაუბრუნდა და კონგრესის როლი გაიზარდა. კონგრესში კი უკრაინის მხარდაჭერა ორპარტიულია.

გარდა ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსული სამხედრო ისტებლიშმენტი დიდი ენთუზიაზმით შეხვდებოდა ნატოსთან პირდაპირ დაპირისპირებას. შეიძლება რიგითი რუსი გულში მჯიღს ირტყამს და იძახის - დავეტაკოთ, დავცხოთო, მაგრამ მაღალ ეშელონებში მშვენივრად უწყიან, რა ფასიც დაუჯდათ უკრაინაში მიმდინარე ომი, კარგად იციან, რომ ასეთი კონფლიქტის დანაკარგები კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე უკრაინაში.

გამიკვირდება, თუ ომი მეხუთე წლისთავსაც მიაღწევს.

რადიო თავისუფლება: იმისთვის, რომ ასეთი სცენარი საერთოდ განიხილებოდეს, უკრაინის საკითხი რაღაც ფორმით მაინც უნდა დაიხუროს. ხედავთ თუ არა პუტინს, რომელიც დათმობაზე მიდის და საკუთარ მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს ამბობს?

მარკ ბროლინი: ყველა ხედავს, რომ რუსეთი სუსტ პოზიციაშია. ის ჩინეთის უმცროს პარტნიორად იქცა და მნიშვნელოვან რესურსებს იქიდან იღებს. სხვაგვარად ომის ამ ტემპით გაგრძელებას ვერ შეძლებდა. ირანზეც კი იყო დამოკიდებული დრონების მიწოდების მხრივ. ვაშინგტონის ტონიც უფრო და უფრო ხისტი ხდება მოსკოვთან მიმართებაში. ევროპაც გამოვიდა ილუზიებიდან.

თუ ის ცივად შეაფასებდა ვითარებას, ახლა მშვიდობისკენ ნაბიჯი მისთვის უფრო გონივრული იქნებოდა, რადგან „ამინდი“ იცვლება, იცვლება ძალთა ბალანსი და წნეხიც განუხრელად გაიზრდება. მე პირადად გამიკვირდება, თუ ომი მეხუთე წლისთავსაც მიაღწევს. გამორიცხული არაა, მაგრამ მგონია, რომ ამის შანსი მცირდება.

ისტორიულად, როდესაც რუსეთი სუსტდება, პერიფერიული რეგიონები მეტ ავტონომიას ითხოვენ. პუტინის ლეგიტიმაცია კი უკვე იშლება

რადიო თავისუფლება: შეუძლია კი პუტინს მშვიდობას დათანხმდეს და გადარჩეს? გადაურჩება კი კომპრომისზე დაფუძნებულ ზავს? როგორ გადაწყვეტს მაშინ იმ შიდა პრობლემებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ? თქვენ ამბობთ, რომ ეს არის თანამედროვე ისტორიის ყველაზე სუსტი რუსეთი. ასევე აღნიშნავთ, რომ უკრაინის საუკეთესო სტრატეგია დროის მოგებაა, ვიდრე რუსეთის რეჟიმის გარდაუვალი კრიზისი დადგება. რა არის საჭირო, რათა „ვლადიმირის სახლი“ დაემხოს?

მარკ ბროლინი: როგორც კი მშვიდობა დადგება და ის იძულებული გახდება შეთანხმებას დათანხმდეს, საზოგადოებაში რთული კითხვები გაჩნდება. ამ ეტაპზე მისი მთავარი საყრდენი პირადი უსაფრთხოების აპარატია. მომდევნო წლებში შესაძლოა ყურადღების გადატანა მოუწიოს არა გარე ექსპანსიაზე, არამედ რუსეთის მთლიანობის შენარჩუნებაზე.

ისტორიულად, როდესაც რუსეთი სუსტდება, პერიფერიული რეგიონები მეტ ავტონომიას ითხოვენ. პუტინის ლეგიტიმაცია კი უკვე იშლება, მიუხედავად პროპაგანდისა. ხანგრძლივი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ ქვეყანა ფრაქციებად იყოფა. შეიძლება რეჟიმმა კიდევ რამდენიმე წელი გაძლოს, ირანის მსგავსად, მაგრამ მისი „მაგია“ უკვე გაქრა. როდესაც დიქტატორი უძლეველად და შეუცდომლად აღარ აღიქმება, მაშინ მისი და მის მიერ შექმნილი სისტემის დამხობა მხოლოდ დროის საკითხი ხდება.

რადიო თავისუფლება: ამავე დროს, არის თუ არა ის ყველაზე საშიში სწორედ ამ სისუსტის, ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო? და თუ რეჟიმი მართლაც დაიშლება, რა რისკები მოჰყვება ამას, იმის გათვალისწინებით, რომ ბირთვულ ძალაზე ვსაუბრობთ?

მარკ ბროლინი: ბირთვული ფაქტორი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, რბილად რომ ვთქვათ. მაგრამ თუ ვინმეს ღილაკზე დაჭერის ბრძანება მიეცემა, სამხედროებმა კარგად იციან, რომ პასუხიც წამებში დაუბრუნდებათ. არ მგონია, რომ პუტინი თვითგანადგურების გზას აირჩევს. ის ფანატიკოსი არ არის. მას და მის გუნდს ძალაუფლების შენარჩუნება სურთ - ომის მიზანიც ძალაუფლების შენარჩუნებაა და არა გმირული, მოწამეობრივი აღსასრული.

მივიღებთ დაჩიავებულ და დაკნინებულ მოსკოვს, რომელიც შიგნით უფრო შეეცდება ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, ვიდრე მეზობლების წინააღმდეგ ექსპანსიას.

რადიო თავისუფლება: საბჭოთა კავშირის დაშლას რეგიონული კონფლიქტები მოჰყვა, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ყარაბაღი, ჩეჩნეთი. თუ რუსეთი მართლაც ჩამოიშლება, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს სცენარს?

მარკ ბროლინი: ეს სცენარი საკმაოდ რეალისტურია. ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლების ვაკუუმი შეიქმნება. უკრაინის მეზობელ რეგიონებში დაძაბულობა გაიზრდება. დაღესტანსა და ჩეჩნეთში დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა შეიძლება განახლდეს. მივიღებთ დაჩიავებულ და დაკნინებულ მოსკოვს, რომელიც შიგნით უფრო შეეცდება ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, ვიდრე მეზობლების წინააღმდეგ ექსპანსიას.

არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია. ეს არის ხელოვნური ინტელექტის რევოლუცია და მისი გავლენა გეოპოლიტიკაზე. რუსეთმა ამ ომში უზარმაზარი რესურსი გაფლანგა და უკვე სერიოზულად ჩამორჩა ამ სფეროში. სამხედრო სექტორში ტექნოლოგიური ადაპტაცია სწრაფია, მაგრამ სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვნად ჩამორჩენილია. ეს ჩამორჩენა მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ათწლეულებში რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება. ეს ტრაგედიაა თავად რუსი ხალხისთვისაც. ტერიტორიულად უდიდესი ქვეყანა, მაგრამ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და ღარიბი ევროპაში. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე