ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმებისა და საპასუხო ნაბიჯების გამო თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენების ნაწილი გაუქმდა. ჯამში 20-ზე მეტი რეისი.
დღეს, 1 მარტს აღარ შესრულდება:
თბილისის აეროპორტიდან გაუქმდა შემდეგი რეისები:
- 7 - თელ-ავივის;
- 2 - შარჟას;
- 3 - დუბაის;
- 1 - აბუ-დაბის;
- 3 - დოჰას;
- 1 - კუვეითის.
ირანის დედაქალაქის, თეირანის მიმართულებით ფრენა ხვალ, 2 მარტს არის დაგეგმილი. თბილისის აეროპორტში ჯერ ვერ საუბრობენ ხვალინდელი ფრენების შესახებ, რადგან „ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურია, რომელიც შეიძლება სიტუაციის მიხედვით გაუქმდეს“.
- ბათუმის აეროპორტიდან ოთხი რეისი სრულდებოდა ისრაელის მიმართულებით და ყველა გაუქმდა.
რა ხდება ირანში
- 28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადეს ისლამური რესპუბლიკის „ტერორისტული რეჟიმი" და მისი სამხედრო ობიექტები.
- ოპერაციის პირველი დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ისლამური რესპუბლიკის არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.
- აშშ-ისრაელის ოპერაციის პასუხად ირანის ისლამური რესპუბლიკის ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.