ირანის დედაქალაქის სამთავრობო ობიექტზე აშშ-ის და ისრაელის ავიაციის იერიშის დროს მოკლულ აიათოლა ალი ხამენეის ირანში ზოგი გლოვობდა, ზოგი კი ზეიმობდა.
ამ დროს თეირანის დაბომბვა გაგრძელდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამძიმარი გამოუცხადა ირანის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „მტკივნეულ დღეებს“ განიცდის. პირველი რეაგირების სამსახურმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ეს ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ყველაზე სისხლიანი დარტყმა იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციები „გრაფიკს უსწრებს“.
ასევე ნახეთ ისრაელმა 20 ათასი რეზერვისტის მობილიზაცია გამოაცხადა"ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" 1 მარტს ახალი, „ფართომასშტაბიანი“ თავდასხმის შესახებ გამოაცხადა და იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საუდის დედაქალაქ ერ-რიადში, დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, მანამაში, ასევე ისრაელში - იერუსალიმში, თელ-ავივსა და სხვა ქალაქებზე.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადებად“ შეაფასა და გაფრთხილება გამოთქვა: „ირანი თავის ლეგიტიმურ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის აღმსრულებლებსა და სულისჩამდგმელებზე“.
ისრაელმა ხამენეის სიკვდილი „პირველ ნაბიჯად“ შეაფასა, ხოლო არმიის წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ნადავ შოშანის თანახმად, ერთობლივი ოპერაციის შედეგად „40 მაღალი მეთაური, მათ შორის ხამენეი, დღისით-მზისით, ერთ წუთში განადგურდა, ისრაელიდან ათასი მილის დაშორებით."
კონფლიქტზე საერთაშორისო რეაქციები არაერთგვაროვანია, პაპმა ლეო XIV-მ ორივე მხარეს მოუწოდა „ძალადობის სპირალის“ დასრულებისკენ, ხოლო ჩინეთმა დაგმო ხამენეის მკვლელობა, როგორც „ირანის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა“.
საფრანგეთმა, მეორე მხრივ, კმაყოფილება გამოთქვა „სისხლისმსმელი დიქტატორის" სიკვდილის გამო, „რომელიც ჩაგრავდა თავის ხალხს, ამცირებდა ქალებს, ახალგაზრდებსა და უმცირესობებს“.
პაკისტანში, სანავსადგურო ქალაქ კარაჩიში, აშშ-ის საკონსულოსთან ირანის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია AFP-ის მიერ მოძიებულ საავადმყოფოს ჩანაწერში.