ირანის წინააღმდეგ ისრაელის და აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ირანში დაიღუპა სულ მცირე 555 ადამიანი. ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია დღეს, 2 მარტს იუწყება „წითელი ნახევარმთვარის“ ადგილობრივ ოფისზე დაყრდნობით.
ამავე მონაცემებით, 555-დან სულ მცირე 165 ადამიანი დაიღუპა 28 თებერვალს, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლაზე დარტყმის შედეგად.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაზარალებულია ქვეყნის 130-ზე მეტი რაიონი.
- აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მიერ 1 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, ოპერაციის დაწყებიდან ირანში დაარტყეს 1000-ზე მეტ სამხედრო ობიექტს, მათ შორის მართვის და კონტროლის ცენტრებს, გემებს და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შტაბ-ბინას.
- ირანის „გუშაგთა კორპუსის“ მიერ 2 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ობიექტებისა და უსაფრთხოების ცენტრების გარდა თელ-ავივში დაარტეს სამთავრობო კომპლექსს.
ისრაელის მონაცემებით, 28 თებერვლიდან ისრაელში დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, მათგან 9 ქალაქ ბეით-შემეშში, სადაც 1 მარტს რაკეტა ბომბსაფარს მოხვდა.
ირანული რაკეტით დარტყმის ადგილი ისრაელის ქალაქ ბეით-შემეშში. 2026 წლის 1 მარტი
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 28 თებერვლიდან ისრაელში სამედიცინო დახმარება დასჭირდა 777 ადამიანს. მათგან ათეულობით დაშავდა არა უშუალოდ ირანის მხრიდან შეტევების დროს, არამედ საჰაერო განგაშის გამო თავშესაფრებისკენ გაქცევისას.
28 თებერვლიდან სამი დაღუპულის შესახებ იუწყებოდა არაბთა გაერთიანებული საამირო და ერთის შესახებ ბაჰრეინი. ოფიციალური მონაცემებით, კუვეიტში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შედეგად სამი სამხედრო დაიღუპა.
დღეს, 2 მარტს ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთსა და დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას პოზიციებზე დარტყმის შემდეგ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა სულ მცირე 31 და დაიჭრა 149 ადამიანი. ისრაელმა ჰეზბოლას ობიექტებს მას შემდეგ დაარტყა, რაც ირანის მხარდამჭერმა ამ დაჯგუფებამ გასულ ღამით რაკეტებით და დრონებით იერიში მიიტანა ისრაელზე.
ასევე ნახეთ ისრაელმა ლიბანში დაარტყა ჰეზბოლას ობიექტებს- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.
- 28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.
- ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ის თანახმად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძველი იყო დასკვნა, რომ ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე უარის გარდა, თეირანი ემზადებოდა სარაკეტო დარტყმებისთვის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
- 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“.
- აიათოლა ხამენეის სიკვდილის შემდეგ ირანი ისრაელს და აშშ-ის სხვა მოკავშირეებს „უძლიერესი" პასუხით დაემუქრა.