ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა სპარსეთის ყურეში, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს რეგიონის ქვეყნებზე ირანის თავდასხმების გამო, რომელიც მოჰყვა ირანის წინააღმდეგ ისრაელის და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებას.
აშშ, ბაჰრეინი, კუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობენ ირანის „განურჩეველ და უგუნურ“ სარაკეტო შეტევებს და დრონებით თავდასხმებს რეგიონის ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე, მათ შორის ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, კუვეიტში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
1 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სუვერენულ ტერიტორიებზე ირანის გაუმართლებელმა დარტყმებმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას და ზიანი მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
აშშ, ბაჰრეინი, კუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ ირანის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს დ ემუქრება რეგიონულ სტაბილურობას. თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე იმ ქვეყნების, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, შეფასებულია უგუნურ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებად.
აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ერთიანი არიან მოქალაქეების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დაცვაში და ადასტურებენ, რომ თავდაცვის უფლება აქვთ.
- ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი მოკლეს, ირანმა კი საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და კუვეიტში.
The New York Times-ი სატელიტური ფოტოების, ინციდენტების ადგილებიდან გავრცელებული ვიდეოების და ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ 28 თებერვლიდან ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კუვეიტში.
ამერიკული გამოცემის თანახმად, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია კუვეიტში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა.
ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ.
ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე.
რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და კუვეიტში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან". დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა.
საამიროების თავდაცვის სამინისტრომ 1 მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა კუვეიტის ჯანდაცვის სამინისტრო.
ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.
სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.
2 მარტს საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ და სააგენტოებმა Bloomberg-მა და Reuters-მა გაავრცელეს ცნობა, რომ დრონებით შეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა საუდის არაბეთის ქალაქ რას-ტანურაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ.
ფორუმი