რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სპარსეთის ყურის ოთხი არაბული სახელმწიფოს ლიდერებს. ირანზე აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, რაც მან დაგმო, ახლო აღმოსავლეთში სიმშვიდის აღდგენის მიზნით, პუტინმა მათ მოსკოვის ირანთან თავისი კავშირების გამოყენება შესთავაზა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთისა და კატარის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას, პუტინმა 2 მარტს გააკრიტიკა აშშ-სა და ისრაელის დარტყმები ირანზე, რასაც კრემლმა „არაპროვოცირებული აგრესია“ უწოდა.
მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს.
სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-ს ახლო მოკავშირეები არიან, ირანის დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდნენ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა შაბათს საჰაერო დარტყმებით ფართო ოპერაცია დაიწყეს ირანის წინააღმდეგ.
პუტინსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ლიდერმა შესთავაზა, რომ შუამავლის როლს შეასრულებდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჩივარს თავდასხმასთან დაკავშირებით თეირანს გადასცემდა.
Reuters-ის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს, კრემლის თანახმად, „ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პოლიტიკურ და დიპლომატიურ პროცესში დაბრუნების აუცილებლობას“.
კრემლის ცნობით, რომელსაც სააგენტო ავრცელებს, პუტინისა და კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის სატელეფონო საუბრისას, ორივე ლიდერმა გამოთქვა შეშფოთება კონფლიქტის გაფართოებასთან და მესამე ქვეყნების ჩარევის საფრთხესთან დაკავშირებით. პუტინმა ბაჰრეინის მეფეს, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფას, უთხრა, რომ რუსეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს რეგიონში ვითარების მოსაგვარებლად.
კრემლის განცხადებით, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, პუტინს უთხრა, რომ რუსეთს შეუძლია შეასრულოს როლი ვითარების მოგვარებაში, რადგან მას მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც ირანთან, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ცალკე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ესაუბრა თავის კოლეგას საუდის არაბეთიდან.
კვირას პუტინმა დაგმო ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა და მას „ცინიკური“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ და ისრაელი ახლო აღმოსავლეთის „უკონტროლო ესკალაციის უფსკრულში“ ჩაძირვაში დაადანაშაულა.
თუმცა მოსკოვი ასევე დაინტერესებულია, რომ არ მოხდეს გაუცხოება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რადგან ვაშინგტონი უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებს შუამავლობს. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს ამ მოლაპარაკებების გაგრძელება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ და ჩვენს ინტერესებშია ასევე (უკრაინასთან დაკავშირებით) ამ მოლაპარაკებების გაგრძელება“, - თქვა პესკოვმა.