CENTCOM-ის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ამერიკელმა სამხედროებმა 2000-მდე სამიზნე გაანადგურეს.
3 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში CENTCOM-ის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი აცხადებს, რომ ირანში განადგურებულ სამიზნეებს შორისაა 17 გემი, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა ნავი და ამჟამად სპარსეთის და ომანის ყურეებსა და ჰორმუზის სრუტეში არცერთი ირანული გემი არ იმყოფება.
განახლება: 4 მარტს ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენლის, მოჰამად აქბარზადეს განცხადება, რომ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები და გემები, რომლებიც ამ მარშრუტით გავლას ცდილობენ, ირანული რაკეტებითა და დრონებით დაზიანების რისკის ქვეშ არიან.
რამდენიმე ხნით ადრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არიან თანხლება გაუწიონ ნავთობის ტანკერებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გაივლიან.
ასევე ნახეთ ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ცდილობს და ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდით იმუქრებაCENTCOM-ის მეთაურმა, ადმირალმა კუპერმა 3 მარტს განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად შესუსტებულია ირანის საჰაერო თავდაცვა და განადგურებულია ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ასეულობით გამშვები დანადგარი.
კუპერის ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილეობენ 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო, 200-ზე მეტი გამანადგურებელი, ავიამზიდების ორი დამრტყმელი ჯგუფი და შორ მანძილზე მოქმედების ბომბდამშენები.
ადმირალ კუპერის თანახმად, 28 თებერვლიდან ირანმა საპასუხოდ გამოიყენა 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა და 2000-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი.
კუპერის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება და პარტნიორებთან ერთად მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.
28 თებერვლიდან აშშ-ს ოფიციალურად დადასტურებული აქვს 6 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის ფაქტი. 3 მარტს პენტაგონმა გამოაქვეყნა ვინაობა ოთხი სამხედრო მოსამსახურის, რომლებიც 1 მარტს დაიღუპნენ ქუვეითში ამერიკულ ბაზაზე ირანული დრონებით შეტევის შედეგად.
ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე და ზოგიერთ სამოქალაქო ობიექტზეც, მათ შორის აეროპორტებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ასევე ნახეთ ისრაელი ირანში "სამეთაურო შტაბის" განადგურებაზე იუწყება, მედია "ექსპერტთა ასამბლეის" შენობაზე იერიშზე წერს- ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი და ათეულობით მაღალჩინოსანი, მათ შორის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელები.
- აშშ აცხადებს, რომ ოპერაცია არ არის მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ და მიზანია, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და აღარ ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოიყენებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Activists in Iran (HRANA, ოფისი აშშ-ში) მონაცემებით, 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ირანში დაღუპულია 1097 ადამიანი, მათ შორის 181 ბავშვი. სამოქალაქო მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვია 5402, მათ შორის 100 ბავშვი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მხრიდან დარტყმების შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ იუწყებოდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი.
- ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.