ეს სამეთაურო შტაბი იყო ერთ-ერთი ყველაზე დაცული ადგილი ირანში. ამ კომპლექსში რეჟიმის უმაღლესი ფორუმი იმყოფებოდა და გასულ ღამეს მასზე დარტყმა განახორციელა ისრაელის საჰაერო ძალებმა, ზუსტი დაზვერვის გამოყენებით. ამ ტერორისტული რეჟიმის ლიდერები და შტაბი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, განადგურებულია“.
ირანულ საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმზე" დაყრდნობით, 3 მარტს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა აგრეთვე ცნობა, რომ ისრაელმა დარტყმები განახორციელა „ექსპერტთა ასამბლეის“ შენობაზე - ეს არის უწყება, რომელიც აიათოლას ირჩევს. კერძოდ, ვრცელდება ფრაზა, რომ „ამერიკელი-სიონისტი კრიმინალები თავს დაესხნენ „ექსპერტთა ასამბლეის“ შენობას ყუმში“, თეირანის სამხრეთში.
"აქსიოსი" ციტირებს ანონიმ ისრაელელ მაღალჩინოსანს, რომელიც ადასტურებს ისრაელის მიერ ყუმში მდებარე შენობაზე საჰაერო დარტყმას, "უმაღლესი სასულიერო ლიდერის დანიშვნის პროცესის ჩასაშლელად".
ირანის ყოფილი უმაღლესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 28 თებერვალს მოკლეს. ზოგიერთ მედიასაშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში „ექსპერტთა ასამბლეის“ წევრები - მაღალი რანგის სასულიერო ლიდერები ხამენეის მემკვიდრის ასარჩევად იყვნენ შეკრებილები. ისრაელის მედიის თანახმად, შენობა „მიწასთან არის გასწორებული“.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRIB-ის ინფორმაციით, ექსპერტთა ასამბლეის კიდევ ერთ - თეირანში მდებარე შენობაზე განხორციელდა დარტყმა 2 მარტს. აღნიშნული სააგენტოს თანახმად, ორივე შენობიდან წინასწარ მოხდა ადამიანების ევაკუაცია და დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
28 თებერვალს ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ირანმა საპასუხო შეტევა მიიტანა ისრაელზე და შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში. თეირანი დარტყმებს ახორციელებს სამოქალაქო ობიექტებზეც.
ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, თეირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ფორუმი