ირანის ახალი უზენაესი ლიდერი იქნება მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი - მედია

მოჯტაბა ხამენეი

ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი. ამის შესახებ ირანული გამოცემა Iran International-ი და გერმანული მაუწყებელი DW წერენ ირანში თავიანთ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

თეირანს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მედიასაშუალებების წყაროთა თანახმად, ისლამური რესპუბლიკის „ექსპერტთა ასამბლეამ“ მოჯტაბა ხამენეი ახალ უზენაეს ლიდერად 3 მარტს აირჩია ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ნაწილად მიჩნეული „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლით.

Iran International-ის ინფორმაციით, ახალი უზენაესი ლიდერის არჩევის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, გამოცხადდება ალი ხამენეის დაკრძალვის შემდეგ.

ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე

მანამდე ამერიკული გამოცემა New York Times-იც წერდა, რომ ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად 3 მარტს გაიმართა ირანის „ექსპერტთა ასამბლეის“ სხდომა, მოჯტაბა ხამენეი აშკარა ფავორიტი იყო და ახალ უზენაეს ლიდერად მისი გამოცხადება 4 მარტს დილით იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ისიც აშშ-ის და ისრაელის სამიზნედ იქცეს.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის უზენაეს ლიდერს ქვეყნის მართვაში უნიკალური როლი აქვს - ის სახელმწიფოს მეთაურიცაა და ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირიც.

  • 56 წლის მოჯტაბა ხამენეი ალი ხამენეის მეორე ვაჟია. თეოლოგიას სწავლობდა შიიტებისთვის წმინდა ქალაქის, ყუმის რელიგიურ ცენტრში. სწავლის დასრულების შემდეგ კლირიკი გახდა.
  • სხვადასხვა წყაროს თანახმად, მოჯტაბა ხამენეის მჭიდრო კავშირები აქვს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“. დასავლეთის მედიასაშუალებები მოჯტაბა ხამენეის მიერ მსხვილი ფინანსური აქტივების გაკონტროლების შესახებ წერდნენ.
ასევე ნახეთ ხამენეის სიკვდილი - სერიოზული დარტყმა, რომელიც არ არის ირანის სასულიერო ხელისუფლების ჩამოშლის გარანტია

ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა. მისი სიკვდილის გამო ირანში 40-დღიანი გლოვა გამოაცხადეს.

ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან.

მისი სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

ახალ უზენაეს ლიდერს, რომელსაც ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე უკავია, „ექსპერტთა ასამბლეა“ ირჩევს. 88-წევრიანი ორგანო ისლამური სამართლის სპეციალისტებად მიჩნეული პირებისგან შედგება და მას ირანის მოქალაქეები ირჩევენ ყოველ რვა წელიწადში ერთხელ.

ასევე ნახეთ ისრაელი ირანში "სამეთაურო შტაბის" განადგურებაზე იუწყება, მედია "ექსპერტთა ასამბლეის" შენობაზე იერიშზე წერს

3 მარტს ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა" გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის არმიამ ყუმში დაარტყა ირანის „ექსპერტთა ასამბლეის“ შენობას. ამერიკული გამოცემა Axios-ი ისრაელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ შენობას დაარტყეს უზენაესი ლიდერის არჩევის პროცესის ჩასაშლელად.

  • ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
ასევე ნახეთ CENTCOM: ირანში ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია 2000-მდე სამიზნე