გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“

"გრანტების შესახებ კანონში" გამკაცრებული ცვლილებები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა, სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

ევროკომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.

ამავე პაკეტით მიიღეს ცვლილებები, რითაც აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“.

გრანტების კანონი

2026 წლის 4 მარტს პარლამენტში პლენარულ სესიაზე კენჭისყრისას დეპუტატებმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღეს ცვლილებები. წინააღმდეგ ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა მისცეს ხმა.

შედეგად, კანონით:

  • მკაცრდება წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • ცვლილებები ითვალისწინებს „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაციას;
  • პარტიის წევრობა ეკრძალებათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს;
  • სანქციები წესდება კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკურ აქტივობაზე“;
  • ფართოვდება გრანტის ცნება.
ასევე ნახეთ "გრანტების შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი

კანონპროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა „ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით“.

საკანონმდებლო ცვლილებებით: გრანტად ჩაითვლება სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის, საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისათვის და იურიდიული პირისთვის [მათ შორის - სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, “რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას”] “ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები”, რომლებიც:

  • ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ;
  • აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
  • კანონპროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირებისთვის „პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული ან განსახორციელებელი აქტივობა, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ“.

ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.

ასევე ნახეთ „ოცნება“ უცხოური დაფინანსების შემზღუდავი კანონების გამკაცრებას აანონსებს - ყველა დეტალი ერთად

„სისტემური არაღიარება“

ინიციირებულ ცვლილებებს მეორე მოსმენისას დაემატა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის ძალითაც, „ხელისუფლების სისტემური არაღიარება“ პატიმრობით დაისჯება.

„ხელისუფლების არაღიარება“ ასევე დაემატა სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევ „დამამძიმებელ გარემოებებს“.

ცვლილებებით, - რომლებსაც მესამე მოსმენისას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, - სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი მოწოდებებისთვის, თუკი ეს მოწოდებები მიმართულია:

  • „საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ,
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ,
  • საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ“, -

თუკი ეს მოწოდებები კეთდება „სისტემატიურად“ და „საჯაროდ“.

ასევე ნახეთ 3 წლამდე პატიმრობა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარებისთვის“ და „დამამძიმებელი გარემოება“ - „ოცნებამ“ მორიგი შეზღუდვები წარადგინა

ასევე დაისჯება „ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატიურად წარმოჩენა“;

დაისჯება „ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედებაც“, რომელიც:

  • „მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებისკენ და
  • აზიანებს საქართველოს ინტერესებს
  • ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს“.

სასჯელის ზომად გათვალისწინებული იქნება:

  • ჯარიმა - მოცულობა არ დასახელებულა,
  • საზოგადოებრივი შრომა 400-დან 600 საათამდე,
  • 3 წლამდე პატიმრობა.

იურიდიული პირების შემთხვევაში - იგივე ქმედება დაისჯება „ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.

შეფასებები და შესაძლო დავა საკონსტიტუციოში

სახალხო დამცველს ნათქვამი აქვს, რომ იგი „შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ომბუდსმენის აპარატს კითხვის, ცვლილებების მიღების შემდეგ, გადაწყვეტით გეგმავს თუ არა აპარატი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ცვლილებები „სახელმწიფოს კონტროლს უქვემდებარებს და კრიმინალიზებას უკეთებს ნებისმიერი პირის პოლიტიკურ თვითგამოხატვას, თუკი ეს პირი ფინანსურ სახსრებს იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქის, ან იურიდიული პირისგან“.

კანონის განმარტებით ბარათში „ქართული ოცნების“ ფრაქცია აღწერს, რომ ეს ცვლილებები გაგრძელებაა 2025 წელს მიღებული ცვლილებებისა, რომელთა მიზანსაც „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება“ წარმოადგენს.

ასევე ნახეთ შესაძლოა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს - ომბუდსმენი ახალ შემზღუდავ ნორმებზე

მიმართება „ევროკავშირის სამართალთან“

განმარტებით ბარათში „ქართული ოცნება“ მიუთითებდა, რომ „კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს“.

4 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ წერილში ევროკომისიის სპიკერი რადიო თავისუფლებას პასუხობს:

  • „გასული კვირის განცხადებები მოასწავებს საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიის კიდევ უფრო გამწვავებას, რომელიც ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის მკაცრად შეზღუდვას ისახავს მიზნად.
  • თუკი ამ ზომებს მიიღებენ, ეს გამოიწვევს რეპრესიების გამწვავებას ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებების წინააღმდეგ.
  • ეს სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან“.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ ცვლილებების პაკეტი ასე შეაფასა:

„ეს შეთავაზებები შეუსაბამოა საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლის ნაკისრ ვალდებულებებთან, უზრუნველყოს გაერთიანების თავისუფლების უფლება“.

ასევე ნახეთ „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“ - ბრიუსელი „გრანტების კანონში“ ცვლილებებზე