- ბანკის თანახმად, ავტომობილებში მილიონობით უცხოური ვალუტა და ცხრა კილოგრამი ოქროა.
- კიევმა ბუდაპეშტი დაადანაშაულა „სახელმწიფო ტერორიზმსა და რეკეტში".
- უკრაინისა და უნგრეთის ისედაც დაძაბული ურთიერთობები ბოლო ხანს გამწვავებულია მილსადენ „დრუჟბით" უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო.
უკრაინის სახელმწიფო ბანკის განცხადებით, ბრიგადა, რომელსაც უცხოური ვალუტა და საბანკო მეტალები რეგულარულად გადააქვს ავსტრიის Raiffeisen Bank-სა და Ощадбанк-ს შორის, უნგრეთში „უსაფუძვლოდ დააკავეს“.
უკრაინული ბანკის ინფორმაციით, GPS-სიგნალის მიხედვით, ავტომობილები ბუდაპეშტის ცენტრში, უნგრეთის ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მახლობლად იმყოფებიან, თანამშრომლების ადგილსამყოფელი კი უცნობია.
- Ощадбанк-ის განცხადებით, ავტომობილებში 40 მილიონი აშშ დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქროა და ეს ტვირთი გაფორმებული იყო გადაზიდვების საერთაშორისო წესებისა და ევროპის საბაჟო პროცედურების დაცვით.
უკრაინის სახელმწიფო ბანკი უნგრეთისგან მოითხოვს თანამშრომლებისა და ქონების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და უკრაინაში დაბრუნებას.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დღეს, 6 მარტს წერს, რომ ბანკის ავტომანქანები უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის დახურულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
განახლება: 6 მარტს უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურმა დაადასტურა უკრაინის შვიდი მოქალაქის და ინკასაციის ორი ავტომანქანის დაკავება და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ფულის სავარაუდო გათეთრების გამო. ბუდაპეშტის თანახმად, ეჭვმიტანილებს შორისაა უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალი, რომელიც ფულის გადატანის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი.
უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურის თანახმად, ოპერაცია ჩატარდა ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრთან ერთად და ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა უკრაინის საკონსულოს. სამსახურის განცხადებითვე, მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან უნგრეთის გავლით უკრაინაში გადაიტანეს 900-ს მილიონ აშშ დოლარზე მეტი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო.
- უნგრეთში უკრაინის 7 მოქალაქის და სახელმწიფო ბანკის ავტომანქანების დაკავებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც უნგრეთის მთავრობამ „ღია მუქარად“ შეაფასა.
- ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე, არმიის საჭიროებებზე საუბრისას განაცხადა, რომ იმედია, ევროკავშირში „ერთი პირი“ აღარ დაბლოკავს 90-მილიარდიან კრედიტს და უკრაინელ მეომრებს იარაღი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ამ პირის მისამართს მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ბიჭებს, დაურეკონ და თავიანთ ენაზე დაელაპარაკონ“.
- ზელენსკი გულისხმობდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რადგან 90 მილიარდი ევრო ბუდაპეშტს აქვს დაბლოკილი.
- უნგრეთის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ „ზელენსკის მხრიდან მუქარა და შანტაჟი ყველა დასაშვებ ზღვარს გასცდა" და ეს უკვე „ღია მუქარაა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტში „მძევლად აიყვანა“ უკრაინის 7 მოქალაქე, რომელთა მდგომარეობა უცნობია. სიბიჰამ უნგრეთი დაადანაშაულა „ფულის მოპარვაშიც“.
„თუ ეს არის ძალა, რომლის შესახებაც ბატონმა ორბანმა გამოაცხადა, ეს კრიმინალური ბანდის ძალაა. ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
5 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნავთობ-ბლოკადას „ძალით გაარღვევენ" და „დრუჟბა" უნგრეთის ენერგეტიკას ისევ მოამარაგებს.
მინისტრ სიბიჰას ინფორმაციით, უკრაინამ უნგრეთს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა თავისი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. კიევი ევროკავშირს მიმართავს უნგრეთის უკანონო მოქმედებების შესაფასებლად.
განახლება: უნგრეთის მთავრობის სპიკერმა ზოლტან კოვაჩმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გააძევებენ უკრაინის შვიდივე დაკავებულ მოქალაქეს.
- ევროკავშირის წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და მისმა მთავრობამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და რუსეთის მთავრობასთან კარგი ურთიერთობები და უარი არ თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე, რაც უნგრეთის მოქალაქეების ინტერესებით ახსნეს.
ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევის მოწინააღმდეგეა და ხშირად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკას.
უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2026 წლის იანვრის ბოლოდან შეწყდა მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება.
კიევმა განაცხადა, რომ ლვოვის ოლქში არსებული მილსადენის ტექნოლოგიური, დამხმარე დანადგარი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა. უნგრეთის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინა ტრანზიტის განახლების ხელოვნურად, პოლიტიკური მიზნებით გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
უკრაინა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომლებიც რუსული ენერგომატარებლების შეძენას განაგრძობენ, დიდი ხანია მოუწოდებს, უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების ძირითად წყაროზე.
ასევე ნახეთ სლოვაკეთმა უარი თქვა ელექტროენერგიით უკრაინის დახმარებაზე- უნგრეთმა უკრაინის მიმართ პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის მხრიდან მოსალოდნელი, მათ შორის დაფინანსების პრობლემის გამო, საბოლოოდ მხარი დაუჭირა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების 19 პაკეტს.
- „დრუჟბით“ ნავთობის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უნგრეთმა სლოვაკეთთან ერთად 23 თებერვალს დაბლოკა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი. ბუდაპეშტმა უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის მხარდაჭერაზეც და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გადახედავს მას შემდეგ, რაც განახლდება უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი.
2 მარტს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სატელიტური ფოტოების მიხედვით, „დრუჟბის“ მუშაობის განახლებისთვის არანაირი შეფერხება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საპასუხო კომენტარი იყო, რომ სატელიტური ფოტოებით ყველა დეტალის გარკვევა შეუძლებელია.
5 მარტს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მილსადენის მუშაობის აღდგენას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება.
„დრუჟბა“ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაა. რუსეთიდან მილსადენის ერთი, ჩრდილოეთის მონაკვეთი გადის ბელარუსის, პოლონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის ტერიტორიებზე, ხოლო სამხრეთის - უკრაინის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და ხორვატიის.