"ალიანსი გამარჯვებისთვის გააზრებული გეგმაა”- ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხა ნიკა გვარამიამ ოპოზიციის შეხვედრაზე სამოქალაქო ჯგუფებთან

ახლადშექმნილ ოპოზიციურ ერთობაში ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიაა გაწევრიანებული ლელოსა და გახარია საქართველოსთვის გარდა

მოკლედ

  • 7 მარტს ახლადშექმნილი ოპოზიციური პარტიების ერთობა სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლებს ხვდებიან.
  • შეხვედრაზე შეკრებულებს პარტია დროას ლოდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილი წაუკითხა პარტია ახალის ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
  • ელენე ხოშტარია, რომელიც ციხეში კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერის გამო მოხვდა, თანამებრძოლებს წერს, რომ "ოცნება" დღეს უფრო სუსტია, ვიდრე უწყვეტი პროტესტისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის დასაწყისში იყო, 2024 წლის შემოდგომაზე, მაგრამ ამ ბრძოლის გამარჯვება ჯერაც წინაა.
  • ხოშტარია წერილში წერს, რა ამოცანები აქვს ახალ ოპოზიციურ ერთობას.
"ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსის განაცხადში არის არა უბრალოდ ერთობის დეკლარირება, არამედ ბრძოლის სტრატეგიაზე, შესაბამისად, გამარჯვების გზაზე პასუხისმგებლობის აღება. არსებითად, სწორედ ამით არის ეს თანხმობა განსხვავებული" - წერია ხოშტარიას ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

მოქმედების ხედვა და ქცევის წესები მისი აზრით, ესაა ის ორი ძირითადი ინსტრუმენტი, რომლის ეფექტურობაც გაზომვადია და რომელიც მოსახლეობასთან პოლიტიკოსებს თავს ანგარიშვალდებულად აგრძნობინებს. ის მოუწოდეს საზოგადოებას ოპოზიციურ პარტიებს უპირობო ნდობის გამოცხადების ნაცვლად მოთხოვნები წაუყენონ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ნდობა პოლიტიკაში "ყველაზე მყარი ვალუტაა."

"ჩვენმა თითქმის 500-დღიანმა ბრძოლამ გამარჯვება ჯერ ვერ მოგვიტანა, თუმცა, მიგვაღწევინა უმნიშვნელოვანეს მიზნამდე. „ოცნებამ“, უდიდესი ძალისხმევისა და საკუთარი დანაკარგების მიუხედავად, ბრძოლა ვერ გააჩერა.

ალიანსის შექმნა მართლაც ბრძოლის ახალი ეტაპია და წარმატების პირობებში გამარჯვება აბსოლუტურად კონკრეტულად და რეალისტურად გამოიყურება. ალიანსი გამარჯვებისთვის - არა ლამაზი, სასურველი სიტყვები, არამედ გააზრებული გეგმაა”, - ნათქვამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

9 ოპოზიციური პარტია 2 მარტს შეთანხმდა ალიანსის შექმნაზე - რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ალიანსი შექმნა