7-8 მარტის ღამეს, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის 117 დრონი გაუშვა. მათგან 98 ჩამოაგდეს. დაფიქსირდა ორი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტისა და 19 მოიერიშე დრონის იერიში 11 ადგილზე. სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
რუსეთის დარტყმების ძირითადი სამიზნეები კვლავ ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამარის რაიონში ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ რუსეთის ჯარებმა მაშველებს დაარტყეს. „ერთი სახანძრო მანქანა განადგურდა, კიდევ ორი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა“, იტყობინება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური.
გარდა ამისა, რუსეთის არმიამ დრონებით თავდასხმა განახორციელა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონში: დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო სახლს და სამი ადამიანი დაშავდა. როდესაც მაშველები ადგილზე მივიდნენ, რუსეთის ჯარისკაცებმა სახანძრო მანქანას დრონით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადების თანახმად, სატვირთო მანქანა მთლიანად განადგურდა, თუმცა მაშველები უვნებლად დარჩნენ.
ხარკოვის ოლქის ვოვჩანსკის რაიონის სოფელ ბელი კოლოდიაზში რუსეთის ჯარების თავდასხმის შედეგად 81 წლის და 60 წლის მამაკაცები დაიღუპნენ.
რუსეთის დრონმა ასევე დაარტყა კიევი-სუმის მარშრუტის მატარებელს, რომელშიც დაახლოებით 200 მგზავრი იმყოფებოდა. არავინ დაშავებულა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 1750 დრონი, 1530 მართვადი ბომბი და 39 რაკეტა გაუშვეს.
„დარტყმები ხორციელდება სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებსა და საცხოვრებელ შენობებზე. ჩვენი ჯარები ახერხებენ სამიზნეების უმეტესობის განეიტრალებას. თუმცა, მეტი დაცვა გვჭირდება და ეს გვჭირდება ყოველდღიურად,“ დაწერა მან.
გუშინ, 7 მარტს, ხარკოვში ხუთსართულიან შენობაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ასევე ნახეთ 10-მდე გაიზარდა ხარკოვზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი